საქართველოს პრეზიდენტი „ევროპალიას“ გამოტოვებს: რა მისწერა ზურაბიშვილმა ბელგიის მეფეს

სალომე ზურაბიშვილმა მეფე ფილიპეს დაუსახელა ორი მიზეზი, რატომაც გამოტოვებს ფესტივალს
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბელგიის მეფე ფილიპეს წერილი გაუგზავნა, სადაც სინანული გამოთქვა, რომ ვერ მიიღებს მონაწილეობას „ევროპალია-საქართველოს“ ფესტივალის გახსნის ცერემონიაში.
კულტურის ფესტივალი „ევროპალია" ბელგიაში 1969 წლიდან სამეფო ოჯახის პატრონაჟით იმართება. ფესტივალის დასახელება გაჩნდა სიტყვების შეერთებით – „ევროპა" და „ოპალია" (ლათ. opalia - ძველ რომში უხვი მოსავლის დღესასწაული). წელს ფესტივალი 2023 წლის 4 ოქტომბერს დაიწყება და ის 2024 წლის 14 იანვრამდე გასტანს.
„გულწრფელ გულისტკივილს გამოვხატავ იმის გამო, რომ მიწევს უარის თქმა ჩემი ქვეყნისათვის როგორც კულტურული, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობის მქონე ღონისძიების, „ევროპალია საქართველოს“ ინაუგურაციაში თქვენთან (ბელგიის მეფესთან - რედ.) ერთად მონაწილეობაზე“, - ნათქვამია წერილში.
სალომე ზურაბიშვილმა მეფე ფელიპეს დაუსახელა ორი მიზეზი, რატომაც გამოტოვებს ფესტივალს.
„ერთი მხრივ, მთავრობის დაუსაბუთებელი უარი ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ ჩემს წინადადებაზე, მეორე მხრივ, სწორედ 3 და 4 ოქტომბერს ჩანიშნული საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემი იმპიჩმენტის თაობაზე წარდგინების განხილვა – აბსოლუტურად შეუძლებელს ხდის, შევასრულო ჩემი წარმომადგენლობითი მოვალეობა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე“, - ნათქვამია გზავნილში.
სალომე ზურაბიშვილმა თავისი და ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა ბელგიის მეფეს ევროპის ცენტრში ქართული კულტურის ესოდენ დიდი პატივით მიღებისთვის.
პრეზიდენტის იმპიჩმენტი - საკონსტიტუციო სასამართლოში ზეპირი მოსმენები იწყება>>
„ყველაფრის მიუხედავად, მტკიცედ მჯერა, რომ ეს მოვლენა გადაიქცევა საქართველოსა და ბელგიის სამეფოს ურთიერთობის ისტორიის განსაკუთრებულ ფურცლად“, - ნათქვამია წერილში.
ბრიუსელში ფესტივალ „ევროპალიას“ ფარგლებში საქართველოსადმი მიძღვნილი ორი მასშტაბური გამოფენის გამართვა იგეგმება. პირველი გამოფენა „ავანგარდი საქართველოში (1900-1936 წწ.)“ 4 ოქტომბერს გაიხსნება და მასზე წარმოდგენილი იქნება 300-მდე ექსპონატი როგორც ქართული, ისე უცხოური მუზეუმებიდან, ასევე კერძო კოლექციებიდან.
მეორე გამოფენა სახელწოდებით „საქართველო - შეხვედრის ადგილები“ ​​27 ოქტომბერს გაიხსნება. ღონისძიების სტუმრები შეძლებენ უფრო ახლოს გაეცნონ საქართველოს ისტორიას და მის კულტურას. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 200 ექსპონატი. ბელგიის დედაქალაქში თითქმის ყველა ნამუშევარს საქართველოს მუზეუმებიდან ჩაიტანენ, მხოლოდ ოთხი უნიკალური ნამუშევარია გამოთხოვილი ლუვრიდან, ბერლინისა და ავსტრიის ეროვნული მუზეუმებიდან.
ამ ორი დიდი გამოფენის გარდა, დაგეგმილია მრავალფეროვანი პროგრამა – 60-მდე ღონისძიება, მათ შორის გამოფენები, სპექტაკლები, კონცერტები, ცეკვები და თეატრალური წარმოდგენები, ასევე ლიტერატურული საღამოები.
იმპიჩმენტის პროცედურა
„ქართულმა ოცნებამ" 12 სექტემბერს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო წარდგინება შეიტანა, რომელსაც თან ერთვის საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერა.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში "იმპიჩმენტის შესახებ".
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
პრეზიდენტის რეალური მიზანი - კახა კალაძე ოპოზიციასთან სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებზე>>
თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში.