პრეზიდენტის იმპიჩმენტი - საკონსტიტუციო სასამართლოში ზეპირი მოსმენები იწყება
იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზეზი გახდა საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე ჩატარებული პრეზიდენტის ვიზიტები ევროპაში სახელმწიფო ლიდერებთან შეხვედრების მიზნით.
Sputnikთბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ხუთი დეპუტატი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" მონაწილეობას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალინდელ განხილვაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
საკითხის არსებითი განხილვა იმპიჩმენტის შესახებ 3 ოქტომბერს ზეპირ მოსმენებზე გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ წარდგინების ავტორები და საქართველოს პრეზიდენტი.
„ხუთი დეპუტატი ვიქნებით წარმომადგენლები იმ 80-კაციანი ჯგუფის, რომელმაც იმპიჩმენტის თაობაზე ოფიციალურად შეიტანა წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში, და პირადად მივიღებთ მონაწილეობას ბათუმში ამ პროცესში", – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში" საქმეს მარტივად მიიჩნევენ და ოპტიმისტურად არიან განწყობილი.
„რაც შეეხება მოლოდინს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც არაერთხელ მითქვამს. ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი. ეს არის უმარტივესი კაზუსი, რომლის ამოხსნას რაიმე განსაკუთრებული კვალიფიკაცია არ ესაჭიროება. არ სჭირდება განსაკუთრებული იურიდიული კვალიფიკაციაც კი ამ კაზუსის ამოხსნას. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინი არის ოპტიმისტური", – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ზურაბიშვილმა „რადიკალურ ოპოზიციასთან" ერთად საქართველოს ევროპულ მომავალს საბოტაჟი მოუწყო.
„ის პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, რომ ფორმალურად სრულდება ევროკავშირის მოთხოვნები. სწორედ ამას ჰქვია სინამდვილეში ევროპული მომავლის საბოტაჟი, რასაც ახორციელებს სალომე ზურაბიშვილი და მისი დღის წესრიგი პირდაპირ თანხვედრაშია რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგთან", – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ამ საბოტაჟის კიდევ ერთი გამოვლენაა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა.
ურთიერთობები მმართველ პარტიასა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შორის მარტიდან მკვეთრად გაუარესდა – დაძაბულიდან ის ნამდვილ კონფლიქტში გადაიზარდა. მარტში სახელმწიფოს მეთაურმა საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველო გასულ წელს არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და დღესაც ევროკავშირის რეკომენდაციები მხოლოდ ფორმალურად სრულდება.
„ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან" შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას
„ქართულმა ოცნებამ" 12 სექტემბერს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო წარდგინება შეიტანა, რომელსაც თან ერთვის საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერა.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში "იმპიჩმენტის შესახებ".
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა 3 ოქტომბერს დაიწყება.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კი განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მუშაობა საკანონმდებლო დონეზე თითქმის დაასრულა.