თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ჩვენი ერთ-ერთი მხარდაჭერის პროექტის მისამართით გამოთქმული ბრალდებები მცდარია და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის შეერთებული შტატების დახმარების მიზნებს, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის საელჩოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსმა) 18 სექტემბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში უცხოური ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით არეულობები მზადდება. სუსში 2 ოქტომბერს განაცხადეს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მოწვევით საქართველოში 25 სექტემბერს სერბეთის სამი მოქალაქე ჩამოვიდა. მათ უნდა დაემყარებინათ კავშირები არასამთავრობო და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, რომლებმაც ქვეყანაში რევოლუციური პროცესების ბირთვის როლი უნდა შეასრულონ.
„დღეს ჩვენი ერთ-ერთი მხარდაჭერის პროექტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს. USAID საქართველოს მოსახლეობას 1992 წლიდან უჭერს მხარს. როგორც ყოველთვის, ეს მხარდაჭერა გამჭვირვალეა და მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება ჰქონდეს“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
მოქალაქეების უფლება, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და მისწრაფებები ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ის ღირებულებაა, რომელსაც ჩვენ, ორივე ქვეყანა ვიზიარებთ, აღნიშნეს საელჩოში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ორ წელზე მეტია USAID თანამშრომლობს ორგანიზაცია CANVAS-თან, რათა „დაეხმაროს ადამიანებს, ხმა აიმაღლონ იმ საკითხებზე, რაც მათი ოჯახებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია“.
განცხადების თანახმად, CANVAS-თან თანამშრომლობით ტრენინგები ჩაუტარდა დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას ითხოვენ, ასევე იმ პირებს, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებებს უწევენ ადვოკატირებას.
„მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, კვლავაც მხარს დავუჭერთ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომელიც ეხმარება ხალხს, დაიცვან მათ მიერ განსაზღვრული და დამსახურებული მომავალი და მათთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, სუსში გამოკითხვაზე ორგანიზაცია „კანვას–საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინი გოგიბერიძე დაიბარეს. ცნობილია, რომ გოგიბერიძე სუსში მისვლას არ აპირებს და მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს.
სუსის ახალი განცხადება
სუსში 2 ოქტომბერს განაცხადეს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მოწვევით სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი საქართველოში 25 სექტემბერს ჩამოვიდნენ.
სუსი ამტკიცებს, რომ ეს პირები დაკავშირებული არიან 2023 წელს საქართველოში მოსალოდნელ რევოლუციურ მოვლენებთან. სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.
უწყების ცნობით, ისინი არიან ორგანიზაცია „კანვასის" მმართველი რგოლი, ხოლო სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი აგრეთვე არიან ორგანიზაცია „ოტპორის" ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას" ანალოგს.
სერბეთის მოქალაქეების ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება "სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის" საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ მათი ქვეყანაში ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო, აცხადებს სუსი.
სუსის ინფორმაციით, ორგანიზაცია „კანვასის" სერბმა წარმომადგენლებმა 2023 წლის 26-29 სექტემბერის პერიოდში თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლები, კერძოდ, ერთ-ერთი დიდი ჯგუფი გადაამზადეს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში.
სუსის ცნობით, სერბეთის მოქალაქეებმა ჯგუფს ჩაუტარეს სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა უწყებების წინააღმდეგ.
ასევე როგორ უნდა მოაწყონ გზებზე პიკეტები და შექმნან ხელოვნური „საცობები", ადმინისტრაციული შენობების წინ მოაწყონ კარვები, როგორ უნდა შეიტანონ მღელვარება ძალოვან სტრუქტურებში, როგორი ძალადობრივი პასუხი უნდა გასცენ მათ კანონიერ მოთხოვნებზე. აგრეთვე მსმენელები შეამზადეს მოსალოდნელი დაკავებების პროცესისთვის და ამ დროს წინააღმდეგობის გაწევის ხერხებზე.
ასევე ტრენინგი ეხებოდა აქციის მონაწილეთა დაფინანსების საკითხებს, როგორ უნდა შეიჭრან პარლამენტის შენობაში, გათიშონ მაუწყებლობის სადგურები და ხელში აიღონ ძალაუფლება. სერბეთის მოქალაქეებმა ტრენინგების დროს შედარებითი ანალიზისთვის მოიყვანეს სერბეთში განვითარებული რევოლუციური პროცესების არაერთი დრამატული მაგალითი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 2023 წლის 29 სექტემბერს ადვოკატების და თარჯიმნების თანდასწრებით გამოკითხეს. ისინი შეეცადნენ შეენიღბათ მათი საქართველოში ყოფნის რეალური მიზეზი, მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებებს და აგრეთვე რიგ დეტალებში ურთიერთგამომრიცხავიც არის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 30 სექტემბერს გაემგზავრნენ საქართველოდან ბელგრადის მიმართულებით.
სუსმა სინისა სიკმანის, იელენა სტოისიჩის და სლობოდან ჯინოვიჩის მიმართ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი წარმოადგინა, რომლის განსაიდუმლოება მოხდა პროკურორის მიერ, საქმეზე მზარდი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
სუსში აღნიშნეს, რომ ორგანიზაცია CANVAS-ის დესტრუქციული გეგმების შესახებ მათ საზოგადოებას 18 სექტემბერს აცნობეს. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირების მხილებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის აღსაკვეთად.
უწყების ინფორმაციით, USAID-ის მიერ დაფინანსებული კონფერენცია 26-29 სექტემბერს ორგანიზებული იყო „CANVAS-საქართველოსა" და East-West Management Institute-ის მიერ. ოთხდღიან ტრენინგში მონაწილეობდნენ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები.