თბილისი, 1 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით გურიაში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
შემთხვევა მიმდინარე წლის 28 სექტემბერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 23 წლის მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული სოფელ გოგოლესუბანში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული ათიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შინაგან საქმეთა სამინისტრო