თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. აჭარის მთავრობა 2025 წლისთვის ექვსი მილიონი ტურისტის მიღებას და მასშტაბური ინფრასტრუქტურის შექმნას გეგმავს, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე.
ბათუმმა უმასპინძლა ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრემიას - World Travel Awards-ს, რომელსაც „ტურისტული ოსკარსაც“ უწოდებენ. სიტყვით გამოსვლისას რიჟვაძე შეეხო ტურიზმის დინამიკას და ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზეც.
რიჟვაძის თქმით, 2023 წლის რვა თვეში აჭარის რეგიონში ვიზიტების რაოდენობა 2 მილიონს აჭარბებს, რაც 2022 წელთან შედარებით 46%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 20%-ით ზრდაზე მეტყველებს.
„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ ორმაგ დონეს მომავალი წლისთვის და სამმაგს - 2025 წლისთვის. გვინდა ექვს მილიონ ტურისტზე მოვაწყოთ ინფრასტრუქტურა - ეს საკმაოდ ამბიციური გეგმაა, თუმცა მზად ვართ გეგმის ყველა ეტაპი გულდასმით განვახორციელოთ სასურველი შედეგის მისაღწევად“, - განაცხადა რიჟვაძემ.
ტურიზმი საქართველოში
2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოს ეწვია დაახლოებით 2,9 მილიონი საერთაშორისო მოგზაური, რაც 75,9%-ით მეტია 2022 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით. ამასთან, 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით მაჩვენებლები 74%-ით არის აღდგენილი.
საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა საქართველოში 2023 წლის იანვარ-ივნისში 1,8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც 57,9%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდზე და 23,9%-ით მეტი 2019 წლის პანდემიამდელ მაჩვენებელზე.
ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია ტურიზმის მხრივ რეკორდული წლის დონეს.