თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. „რადიკალური ოპოზიციის" წარმომადგენლები ვერ გაიმარჯვებენ საპარლამენტო არჩევნებზე, რადგან რადიკალიზმი ყოველთვის მარცხისთვის არის განწირული, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ასეთი კომენტარი გააკეთა კალაძემ ოპოზიციური ტელეკომპანია "მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას განცხადებაზე იმის თაობაზე, რომ ის ტელევიზიაში დაბრუნებას არ აპირებს და მიდის იქ, სადაც ბრძოლა შედეგს მოიტანს, სადაც "პოლიტიკური მეთოდებით შეიძლება ბრძოლა და გამარჯვება".
„ნიკა გვარამია დიდი ხანია არის პოლიტიკაში და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა... არაფერი შეიცვლება. ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ ჰყავთ ერთი პატრონი და რადიკალიზმი ყოველთვის დამარცხდება ჩვენს ქვეყანაში", – განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ.
კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა „ქართული ოცნება" გვარამიას კონკურენტად, კალაძემ უპასუხა, რომ გვარამია მმართველი პარტიის კონკურენტად არ მიიჩნევა მისი წარსული საქმიანობის გამო.
„როგორ შეიძლება ადამიანი განიხილო კონკურენტად, რომელიც ისეთი სიბინძურეებით იყო დაკავებული, როდესაც ხელისუფლებაში იყო... ის დღესაც აგრძელებს ამ სიბინძურეს თავისი გამონათქვამებით", – განაცხადა კალაძემ.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციას" უწოდებენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებსა და მათ თანამოაზრეებს. გვარამიასთან თანამშრომლობის მზადყოფნა უკვე გამოთქვა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.
„წარმოუდგენელია პროდასავლური პარტია და კოალიცია არ განიხილავდეს ნიკა გვარამიასთან თანამშრომლობას... მას ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეულ ფორმატში მასთან თანამშრომლობა და ურთიერთობა მოგვიწევს", – განაცხადა ხაბეიშვილმა.
გვარამიას მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მაღალი თანამდებობები ეკავა – იყო იუსტიციის მინისტრი, განათლების მინისტრი, ასევე გენერალური პროკურორის მოადგილე.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს ჩაუდგა სათავეში. 2019 წელს, ტელეკომპანიის ძველი მფლობელისთვის დაბრუნების შემდეგ მან დააარსა ტელეკომპანია „მთავარი არხი". 2022 წელს გვარამია „რუსთავი 2"-ის სახსრების გაფლანგვისთვის გაასამართლეს.
ოპოზიციის ნაწილი გვარამიას გათავისუფლებას მოითხოვდა. მას პოლიტპატიმარს უწოდებდა, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებას – უსამართლოს. ის პრეზიდენტმა 2023 წლის მაისში შეიწყალა.