პარლამენტის კომიტეტმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ექვსი თვის ბიუჯეტი შესრულებულია როგორც შემოსავლების, ისე ასიგნებების კუთხით.
Sputnik
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიში მოისმინა, განიხილა და მხარი დაუჭირა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს, ნათქვამია პარლამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მთავრობამ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდისა და თანხების გადანაწილების გადაწყვეტილება მიიღო. ყველაზე დიდ დაფინანსებას ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები მიიღებენ.
როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, 2021-2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რამაც შესაძლებელი გახადა გაზრდილიყო ბიუჯეტის შემოსავლები და განხორციელებულიყო ცვლილებები მიმდინარე ბიუჯეტში.

„ჩვენ შევძელით 2022 წლის ბოლოსთვის ბიუჯეტის დეფიციტი 9,3%-დან 3,1%-მდე შეგვემცირებინა. ასევე შემცირდა ვალის მოცულობა 60%-ზე მაღალი ნიშნულიდან 40%-ზე დაბალ ნიშნულამდე“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, ბიუჯეტის 6 თვის შესრულების წარმოდგენილი ანგარიშით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 7,7%-ით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კი 10%-ით გაიზარდა.
ამასთან, ბიუჯეტი შესრულებულია როგორც შემოსავლების, ისე ასიგნებების კუთხით.
„ეს გვაძლევს გეგმების გაზრდის შესაძლებლობას. კერძოდ, 6 თვის შესრულების მაღალი ტენდენციების გაანალიზების შედეგად მიღებულია გადაწყვეტილებები – დამატებით გამოიყოს საფინანსო რესურსი და გადანაწილდეს იმ პროგრამებზე, რომლებიც წლის ბოლომდე საჭიროებენ დამატებით დაფინანსებას“, – განაცხადა კაკაურიძემ.
ლაშა ხუციშვილი: საქართველოს ეკონომიკა 2023 წელს 6,5%-მდე გაიზრდება>>>
მისი თქმით, დაფინანსება იზრდება განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, კულტურისა და სპორტის მიმართულებით, იზრდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება და სხვ.
„დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ხარჯზე 500 მლნ ლარზე მეტით იზრდება ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები, რაც შესაძლებლობას იძლევა დაფინანსდეს მიმდინარე წელს დამატებით გამოკვეთილი საჭიროებები და ამავდროულად შემცირდეს 2023 წლისთვის დაგეგმილი ვალის აღების მაჩვენებლები", – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, დეფიციტის მოცულობა არ გაიზრდება. ვალის მაჩვენებელი 39%-მდე შემცირდება და, შესაბამისად, ქვეყანა 360 მლნ ლარით ნაკლებ ვალს აიღებს.
ვინ მიიღებს მეტ ფულს
მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 250 მილიონი ლარით გაიზრდება და 7,05 მილიარდს შეადგენს. აღნიშნული თანხიდან 120 მილიონი ლარი კიბოთი დაავადებული ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებას მოხმარდება.
განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 47 მლნ ლარით გაიზრდება და 2,07 მლრდ ლარს შეადგენს. დამატებითი თანხის უმეტესი ნაწილი სამთავრობო პროგრამით სკოლების გარემონტებასა და მშენებლობას მოხმარდება.
2023 წლის ბიუჯეტი იზრდება: როგორ გადანაწილდება თანხები>>>
რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომლის ბიუჯეტი 3,35 მილიარდ ლარს შეადგენს, დამატებით 20 მილიონს მიიღებს, რაც რაჭისა და გურიის რეგიონებში მასშტაბური სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულთა კომპენსაციებზე და შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე დაიხარჯება. მოსალოდნელია, რომ ამ კუთხით ასევე გამოყენებული იქნება სახსრები მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და რეგიონების განვითარების ფონდიდან.
დამატებით თანხას 23 მილიონის ოდენობით მიიღებს ეკონომიკის სამინისტროც, რომლის ბიუჯეტი 580 მილიონ ლარს შეადგენს. თანხის უმეტესი ნაწილი მოხმარდება ანაკლიაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფრასტრუქტურისა და სისტემების განახლებისთვის 40 მილიონ ლარს მიიღებს. უწყების მთლიანი ბიუჯეტი 1,15 მილიარდ ლარს შეადგენს.
საჭირო შესყიდვებისთვის დამატებით 10 მილიონ ლარს მიიღებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომლის ბიუჯეტი 1,27 მილიარდ ლარს მიაღწევს.