თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. გაეროს საპროექტო მომსახურების ოფისმა (UNOPS) საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა გადასცა.
აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში გაიმართა, სადაც სტუმრებისთვის თოკზე გადარჩენის, ხანძრის ქრობის და ურბანული სამძებრო-სამაშველო სიმულაციური ოპერაციები მოეწყო.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და UNOPS-ის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გადაცემული მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა მოიცავს წყლის, სამთო და მაღაროში სამაშველო ოპერაციების განხორციელებისთვის სპეციალიზებულ აღჭურვილობას, ასევე სახანძრო უსაფრთხოების ინსპექტირების სისტემებსა და სხვადასხვა სასწავლო აღჭურვილობას“, — ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.
აღინიშნება, რომ ეს ტექნიკური დახმარება მნიშვნელოვნად გააძლიერებს მეხანძრე-მაშველების შესაძლებლობებს კრიზისულ სიტუაციებზე მზადყოფნისა და რეაგირების მიმართულებით და ხელს შეუწყობს სამოქალაქო უსაფრთხოების გაძლიერებას.
ახალი მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გაეროს საპროექტო მომსახურების ოფისის (UNOPS) ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გადაეცა პროექტის „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ ფარგლებში.
აღნიშნული პროექტი, რომელიც ინიციატივის „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)“ ნაწილია, ჩვენს ქვეყანაში 2020 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სექტორში ჩართული სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა.