თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ბათუმი 28-29 სექტემბერს საერთაშორისო ტურისტულ ფორუმს და მსოფლიო ტურიზმის Warld Travel Awards-ის ღონისძიებას უმასპინძლებს, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
World Travel Awards-ს გალა ცერემონიას ბათუმში 20-ზე მეტი ქვეყნიდან ტურისტული ინდუსტრიის, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და უცხოელი ბლოგერები დაესწრებიან. მათ შორის იქნებიან Euronews, Wanderlust, Emerging Europe და EarthPix.
29 სექტემბერს ბათუმში გაირკვევა, რომელი ქვეყნები, ქალაქები და კომპანიები დასახელდება ევროპის წამყვან ტურისტულ მიმართულებებად თუ კომპანიებად და რომელი მათგანი აიღებს World Travel Awards-ის პრესტიჟულ ჯილდოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაღალ დონეზე, უნაკლოდ ჩავატაროთ ეს ღონისძიება", – აღნიშნა რიჟვაძემ.
ბათუმი, როგორც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება, ტურიზმის სფეროში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს World Travel Awards-ის მფლობელი შარშან მეორედ გახდა, პირველად ტურისტული „ოსკარი" ამ საკურორტო ქალაქმა 2019 წელს მოიპოვა.
„პირველად 2019 წელს მიიღო ბათუმმა ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაცია და ახლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ტურიზმის ოსკაროსან ქალაქს ერგო პატივი, გალა ღონისძიება ჩატარდეს ბათუმში", – თქვა რიჟვაძემ.
World Travel Awards-ის ნომინაციებში წელს ბათუმთან ერთად ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბულვარიც იქნება წარდგენილი. ბათუმის ბოტანიკური ბაღი ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში მადრიდის, ედინბურგის, ბერლინისა და ევროპული ქვეყნების სხვა ცნობილ ბოტანიკურ ბაღებს გაუწევს კონკურენციას.
ბათუმში World Travel Awards-ის დაჯილდოების გალა ცერემონიასთან ერთად გაიმართება ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი. ის დაჯილდოების ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე, 28 სექტემბერს ჩატარდება.
პრესტიჟული დაჯილდოება 1993 წლიდან იმართება. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. ნომინანტებს შორის არიან წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და ა.შ.