თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ღირებულების გაზრდის, ასევე რუსეთის გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც აკრძალა ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი, საქართველოში ავტომობილის საწვავის ფასები კვლავ გაიზრდება, განაცხადა Wissol Petroleum Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ.
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდის პარალელურად საწვავის ფასები საქართველოს ავტოგასამართ სადგურებზე ზრდას განაგრძობს. გარდა ამისა, რუსეთის მთავრობამ შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით დროებით შეზღუდა საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი. ამ აკრძალვის გამო ქართულ კომპანიებს საწვავის შემოტანა ალტერნატიული ბაზრებიდან მოუწევთ.
„ნავთობის საერთაშორისო ბირჟებზე ფასების ზრდა აგვისტო-სექტემბრის პერიოდიდან ეტაპობრივად დაიწყო... სექტემბერში მყისიერად მოხდა ზრდა. ბუნებრივია, ამას დროის გარკვეულ მონაკვეთში საწვავის ფასზე ასახვა ექნება და ნაწილობრივ ეს ასახვა უკვე გვაქვს. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში ფასები უკვე გაიზარდა და, სამწუხაროდ, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საწვავის ფასი კიდევ გაიზრდება", – განაცხადა ხორავამ მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.
მისი თქმით, ნავთობიმპორტიორებს არ ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია რუსეთიდან საწვავის აკრძალვის შესახებ და ეს გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო. ხორავამ აღნიშნა, რომ კომპანია კვლავ გაზრდის ევროპული მაღალი ოქტანობის საწვავის იმპორტს.
„რუსეთიდან მოწოდება შეფერხდა და ამიტომ დღეისათვის დაბალოქტანიანი პროდუქტების შევსება პრობლემაა. ჩვენ ევროპული პროდუქტი ნაწილობრივ ყოველთვის შემოგვქონდა და ახლა ევროპული ბაზრიდან საწვავის იმპორტი უფრო გაიზრდება", – განაცხადა მან.
საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში უჭირთ პასუხის გაცემა, გაძვირდება თუ არა საწვავის ფასი საქართველოში რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ აცხადებენ, რომ ქვეყანაში ბენზინისა და დიზელის საწვავის დეფიციტი არ იქნება.
„Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტმა ამირან იობაშვილმა ისაუბრა ალტერნატიულ ბაზრებზე, საიდანაც საქართველოს, რუსეთთან შედარებით ნაკლები მოცულობით, მაგრამ სტაბილურად შემოაქვს საწვავი მრავალი წელია. ეს ქვეყნებია აზერბაიჯანი, ბულგარეთი, რუმინეთი და საბერძნეთი.
2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 554,2 ათასი ტონა ბენზინი და დიზელის საწვავი შემოვიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 6,2%-ით მეტია.
აღნიშნულ პერიოდში საქართველოში საავტომობილო საწვავის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან შემოვიდა – 449,5 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 81,1%).
შემდეგ მოდიან რუმინეთი – 77,6 ათასი ტონა – 14%, თურქმენეთი – 11,4 ათასი ტონა – 2%, აზერბაიჯანი – 9,5 ათასი ტონა – 1,7%, ბელარუსი – 5 ათასი ტონა – 0,9%, არაბთა გაერთიანებული საამიროები – 1 ათასი ტონა – 0,2%, უკრაინა – 0,1 ათასი ტონა – 0,02%, ბულგარეთი – 0,1 ათასი ტონა – 0,02%.
საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს ხუთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ჯამში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს.