კრემლში ყარაბაღის დარეგულირების მთავარი პირობა დასახელდა

Sputnik
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. იმედი გვაქვს, რომ თურქეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა ხელს შეუწყობს ყარაბაღის უსაფრთხოებას და რეგიონში ცხოვრების ნორმალიზებას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რეჯეფ ერდოღანი 25 სექტემბერს შეხვდება აზერბაიჯანის ლიდერ ილჰამ ალიევს, სადაც სახელმწიფოების მეთაურები, სხვა საკითხებთან ერთად, რეგიონული და გლობალური დღის წესრიგის მიმდინარე საკითხებზე, პირველ რიგში, ყარაბაღის მოვლენებზე იმსჯელებენ.

„ჩვენ ყოველ ჯერზე ვიმედოვნებთ, რომ ყველა შეხვედრა, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ატარებს, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტთან, ხელს შეუწყობს რეგიონში უსაფრთხოებასა და ყარაბაღში ცხოვრების ნორმალიზებას მომხდარის შემდეგ. სწორედ ასეთი მოლოდინები გვაქვს ახლაც", — განაცხადა პესკოვმა ბრიფინგზე.

მან იქვე აღნიშნა, რომ ყარაბაღში სიტუაციის დარეგულირებაში „მთავარია, თავიდან ავიცილოთ მესამე მხარის მცდელობები, დააფიქსირონ კავკასიაში საკუთარი არსებობა მაშინ, როცა შუამავლობის პოტენციალი არ გააჩნიათ“.
თუმცა, პესკოვის თქმით, თუ ვინმეს დაძაბულობის შემცირებაში, ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის ახალ რეალობასთან მორგებაში დახმარება შეუძლია, ეს „მხოლოდ მისასალმებელია". მაგრამ, მისი თქმით, ამისთვის ყველა მხარის თანხმობაა საჭირო.
აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები“ 19 სექტემბერს დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად“. უკვე 20 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღის მოსახლეობის მიმართვის გათვალისწინებით, რომელიც მათ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტმა გადასცა, აზერბაიჯანი დღის 13:00 საათიდან წყვეტდა „ანტიტერორისტულ ღონისძიებებს“.
ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის სომხური თემის აზერბაიჯანში რეინტეგრაციის პირობებზე. მოსალოდნელია, რომ რეგიონის მთელი ტერიტორია აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლქვეშ გადავა.