თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი არ არღვევს არც კონსტიტუციას და არც კანონს, რადგან აშშ-ის მიერ სანქცირებული საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის გადასაჭრელად ვადა სამ თვეს არ უნდა აღემატებოდეს, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
19 სექტემბერს სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ელოდება იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე და მზადაა ხელი მოაწეროს მას. მაგრამ 21 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ ზურაბიშვილს მიზანშეწონილად არ მიაჩნია აშშ-ის მიერ სანქცირებული ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, ვინაიდან თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ როგორც საქართველოს მოქალაქე.
„ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად შეგახსენებთ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 26-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, იგი სრულად აცნობიერებს ამ საკითხის სამართლებრივ და მორალურ მხარეს, აღნიშნეს ადმინისტრაციაში.
„პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლევს შესაძლებლობას, გონივრულ ვადაში მიიღონ ზომები და დაიცვან ქვეყნის რეპუტაცია და ინტერესები. მით უფრო დღეს, როცა წყდება საქართველოს ევროპული მომავალი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, 21 სექტემბერს პარლამენტის დეპუტატების მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის არჩევა არის ლუსტრაცია იმისა, რატომაც მათ ივნისში პრეზიდენტის მიერ წარდგენილი გიორგი ბაქრაძის კანდიდატურა ჩააგდეს.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა 21 სექტემბერს ეროვნული ბანკის საბჭოში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები – საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ნანა ყეინიშვილი და „თბილისის განვითარების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი თეიმურაზ ხომერიკი აირჩიეს.
„რაც ეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, ყველას მიერ პროფესიონალად და გამოცდილ კადრად აღიარებული გიორგი ბაქრაძის კანდიდატურის საჯარო და სამარცხვინო ჩაგდების შემდეგ საჭირო გახდა უმრავლესობის მიერ წარმოებული ამ მანკიერი პროცესის ლუსტრაცია, რომელიც პარლამენტმა 21 სექტემბერს 82 და 83 ხმით დაამტკიცა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სანქციები ფარცხალაძის წინააღმდეგ
2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის.
აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან“.
ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა. ის აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაამტკიცოს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები უსაფუძვლოა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.
ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.