თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. საქართველოდან ევროპაში შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის პროექტის რეალიზაცია ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში ენერგოუსაფრთხოებას გაამყარებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 78-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
შესაბამის შეთანხმებას საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 2022 წლის 17 დეკემბერს მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა საქართველოს დიდი პოტენციალის შესახებ განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით და მის, როგორც სატრანზიტო ჰაბის მიმზიდველობაზე.
„ამჟამად უკვე ხორციელდება ევროკავშირის ფლაგმანური, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის პროექტი, რომელიც საქართველოს მიერ არის ინიცირებული... პროექტის განხორციელება გააძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ევროპასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, პროექტის განხორციელება ახალ შესაძლებლობებს შექმნის ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის ტრანზიტისთვის.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მლრდ ევროს გამოყოფს. მსოფლიო ბანკი საქართველოსთვის შავი ზღვის ფსკერის დეტალური შესწავლისთვის დამატებით 75 მლნ დოლარის გამოყოფას აპირებს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
გარდა ამისა, სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო აღიარებს როგორც ენერგიაზე მზარდ მოთხოვნას, ისე კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების საჭიროებას. ქვეყანა აქტიურად ახორციელებს ახალ ინიციატივებს განახლებადი ენერგიის სფეროში, მათ შორის − წყლის, ქარის, მზისა და სხვა მდგრადი წყაროების ათვისებით, აღნიშნა მან.
„ჩვენი მიზანია, მოვიზიდოთ ინვესტორები და ხელსაყრელი გარემო შევქმნათ ინოვაციური ელექტროსადგურების შესაქმნელად ქვეყნის უხვი მწვანე ენერგიის პოტენციალის გამოყენებით. ყველა ეს ტრანსფორმაციული პროექტი ახალ სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ ზრდას და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს ხალხსა და რეგიონს", - განაცხადა პრემიერმა.
ენერგეტიკის განვითარება
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომ რეფორმების რეალიზაცია ენერგეტიკის სფეროში მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ მოიხმარა 14,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2021 წლის მონაცემებზე 3,8%-ით მეტია.
გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2021 წლის მონაცემზე 12,7%-ით მეტია.
გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.
მეზობელი ქვეყნებისგან ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება ადგილობრივი განახლებადი რესურსების მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობს.
ახალი სქემა
საქართველოში შემუშავდა განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი სქემა, მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1.500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.
მთავრობის გეგმებშია დარგის დაჩქარებული განვითარება, რისთვისაც უახლოეს ორ–სამ წელიწადში 3–4 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციებს მოიზიდავენ.
პირველი ასეთი აუქციონი უკვე წარმატებით დასრულდა და გამოვლინდა 27 გამარჯვებული პროექტი ჰიდრო, ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობაზე.
სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. cfd ხელშეკრულებით.
Cfd არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.