ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

პროცესის გადადების შუამდგომლობა ადვოკატმა დააყენა, მომდევნო სხდომა 23 ოქტომბერს გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. „ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების - ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძის და ზვიად კუპრავას პროცესი ერთი თვით გადაიდო, ამ ეტაპზე დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, იუწყება „პირველი არხი“.
პოლიციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე პარტიის ორი წევრი – ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა გლდანში ადმინისტრაციული წესით 22 სექტემბერს დააკავა.
პროცესის გადადების შუამდგომლობა ადვოკატმა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. მომდევნო სხდომა 23 ოქტომბერს 12 საათზე ჩაინიშნა.
„ჩვენი ამოცანა არ არის, ხელისუფლება გავხადოთ დემოკრატიული, ეს არის მიუღწეველი ამოცანა და მისია. ეს ხელისუფლება შესაცვლელია, ხელისუფლება, რომელიც დგას კრიმინალებზე, კრიმინალებზე, რომლებიც საზრდოობენ ხელისუფლებით. ჩვენც დავინახეთ, არანაირი განსხვავება არაა პოლიციის ფორმაში გამოწყობილ ადამიანებსა და მოძალადეებს შორის, ვინც თავს დაესხა ჩვენს მეგობრებს, თანამოაზრეებს“, - განუცხადა მელიამ ჟურნალისტებს სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ.
შსს-ს ინფორმაციით, გლდანში მომხდარი დაპირისპირების დროს სამართალდამცველებს დაშავებული პირების მეგობრებმა და თანაპარტიელებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა გაუწიეს.
ნიკა მელია გლდანში დაკავების ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც თავის თანაპარტიელზე, საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის შესახებ შეიტყო. უკანასკნელის თქმით, მას 30-მდე ადამიანი დაესხა თავს.
საკრებულოს დეპუტატის ცემა თბილისში – ბრალდებები, დაკავებები და გამოძიების შედეგები >>
ეძგვერაძემ თავდასხმაში საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ კოტე ზარნაძე დაადანაშაულა. საქმეზე 6 პირია დაკავებული.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თავიანთი გუნდის წევრის ცემას საკრებულოში წინა დღეს მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებენ, რა დროსაც ეძგვერაძესა და ზარნაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.