ЕМА-ს კონკურსზე თბილისის მუზეუმების გაერთიანება პრიზით დაჯილდოვდა

თბილისის მუზეუმების გაერთიანება მიმდინარე წლის სექტემბრიდან ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელის (NEMO) წევრია.
Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ევროპის მუზეუმების აკადემიის (ЕМА) 2023 წლის კონკურსზე სპეციალური პრიზი მიიღო, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
EMA-ს კონფერენცია 2023 წლის ევროპის კულტურის დედაქალაქად აღიარებულ ტიმიშოარაში ჩატარდა და მუზეუმების აკადემიის ყოველწლიური კონკურსის დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა.
EMA-ს 2023 წლის კონკურსი ხელოვნების მუზეუმის ჯილდოს, DASA-სა და Luigi Micheletti-ს პრემიებს მოიცავს. 2023 წლის კონკურსის შედეგების მიხედვით, გაიცა სამი პრემია და ორი განსაკუთრებული პრიზი.
2023 წლის ხელოვნების მუზეუმის ჯილდო მიენიჭა S.M.A.K – ბელგიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს; 2023 წლის DASA – პრემია გადაეცა უნგრეთის ფულის მუზეუმსა და ვიზიტორთა ცენტრს; 2023 წლის ლუიჯი მიკელეტის პრემია კი გადაეცა დანიის ლტოლვილთა მუზეუმს.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებს შორის დასახელდა>>>
სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ თბილისის მუზეუმების გაერთიანება და კიევის მეორე მსოფლიო ომის ეროვნული მუზეუმი.
„სპეციალური აღნიშვნის პრიზი გადაეცა თბილისის მუზეუმების გაერთიანებას, რომელიც თავისი კოლექციებით, საგანმანათლებლო პროგრამებითა და აქტივობებით შთააგონებს ვიზიტორებსა და დამთვალიერებლებს, დაფიქრდნენ ისტორიულ და საზოგადოებრივ გამოწვევებზე", – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ევროპის მუზეუმების აკადემია 2009 წელს მუზეოლოგ კენეტ ჰადსონის სახელის პატივსაცემად დაფუძნდა და მასში გაერთიანებული არიან სამუზეუმო საქმის სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები, ევროპის მუზეუმთა ხელმძღვანელები, სამუზეუმო და საგამოფენო საქმის თეორეტიკოსები, კურატორები და სხვ.
თბილისის მუზეუმების გაერთიანება 2023 წლის სექტემბრიდან ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელის (NEMO) წევრია. 1992 წელს დაარსებული ორგანიზაცია ეროვნული მუზეუმების ორგანიზაციების დამოუკიდებელი ქსელია, რომელიც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების სამუზეუმო საზოგადოებას წარმოადგენს.
მთლიანობაში, NEMO ევროპის 40 ქვეყნის 30 ათასზე მეტ მუზეუმს აერთიანებს და პოპულარიზაციას უწევს იმ ევროპულ რეგულაციებს, რომლებიც ხელს უწყობენ მუზეუმების მიერ კულტურული მემკვიდრეობის მცველების მისიის შესრულებას და ინტეგრირებას ევროპული კულტურის ერთიან სივრცეში.