მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტი „ომის პარტიას" წარმოადგენს

„რადიკალური ოპოზიციის" გეგმის მიხედით, საქართველოს საფინანსო სისტემა უნდა ჩამოშლილიყო, ამტკიცებს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე.
Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, ის არის რიგითი ოპოზიციონერი და „ომის პარტიის“ წარმომადგენელი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი „რადიკალურ ოპოზიციასთან" გაერთიანდა და ეროვნული ბანკის საბოტაჟს შეეცადა, მანამდე „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მის მიერვე წარდგენილ კანდიდატებს შეხვდა და საბჭოს წევრობაზე უარის თქმა სთხოვა.

„სამწუხაროდ, დღეს სალომე ზურაბიშვილი არ არის იმ ხალხის პრეზიდენტი, ვინც აირჩია... ის არის გარკვეული პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც საქართველოში ომისა და ღალატის პარტიას ვუწოდებთ. სამწუხაროდ, იგი ჩვეულებრივი ოპოზიციონერია და აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას არცერთი მიმართულებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

მმართველი პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ „გლობალური ომის პარტია“ არის უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას. ამავე დროს „ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალურ ომის პარტიად“ მოიხსენიებენ. მათ ასევე უწოდებენ „რადიკალურ ოპოზიციას".
პაპუაშვილი ფარცხალაძის მოქალაქეობაზე: სანქციების განხორციელებას არავითარი ზიანი არ მიადგა>>>
მდინარაძის თქმით, „რადიკალური ოპოზიციის" გეგმის მიხედით, საქართველოს საფინანსო სისტემა უნდა ჩამოშლილიყო.
„რამდენიმე თვის წინ, ცვლილებების მომზადებისას ისინი ისტერიკაში ჩავარდნენ და აღმოჩნდა, რომ გეგმა ჰქონდათ. ალბათ, წინასწარ იცოდნენ რაღაც საკითხები, რომ იქნებოდა სანქციები და ა.შ. ამ გეგმის მიხედვით, საქართველოს საფინანსო სისტემა უნდა ჩამოშლილიყო. მაგრამ სისტემა არ ჩამოიშალა, რადგან ჩვენ კანონი სწორად მივიღეთ, სისტემა სწორად მოვაწყვეთ“, – აღნიშნა მდინარაძემ.
სკანდალი ეროვნული ბანკის ირგვლივ
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 18 სექტემბერს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს აქტივებზე და ფინანსურ ოპერაციებზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო. ეროვნულ ბანკში ეს გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო მოთხოვნების სრულ შესაბამისობაში მუშაობს.
იმავე დღეს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" რეგულატორს უდანაშაულობის პრეზუმფცია შეახსენეს და მოუწოდეს, დაელოდონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებას.
ეროვნულმა ბანკმა უკვე 19 სექტემბერს შეცვალა საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. სანქციები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქართულმა სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.
კალაძე: პრეზიდენტი „რადიკალურ ოპოზიციასთან" უნისონში მოქმედებს>>>
ამით ეროვნულმა ბანკმა შეცვალა ერთი დღით ადრე მიღებული თავისივე გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ სანქციების სიაში მოხვედრის გამო.
ეროვნული ბანკის განმარტებით, საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები მარეგულირებლის მითითებით სრულად იცავენ რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციებს და რომ ქვეყანა არასოდეს ყოფილა და არ გახდება ამ სანქციების გვერდის ავლის ადგილი. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე დაცულია ქვეყნის კონსტიტუციით და მარეგულირებელი მოქმედებს ქვეყნის მთავარი კანონის შესაბამისად.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ 19 სექტემბრის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებთან კოორდინაციის გარეშე მიიღო და მას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა. ამასთან, პრეზიდენტმა სინანული გამოთქვა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში თურნავას კანდიდატურა თავის დროზე პარლამენტს დასამტკიცებლად მან წარუდგინა.
თავის მხრივ, თურნავამ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს მოქალაქეები ამიერიდან უფრო მეტად იქნებიან დაცული, თუნდაც საერთაშორისო სანქციების რეჟიმის ზემოქმედების დროს. პრეზიდენტის მოწოდებას თურნავამ „ზეწოლის კლასიკური მაგალითი" უწოდა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრი სწორედ ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან ზეწოლის ფონზე გადადგა.