ნათია თურნავამ სსფ-ის მისიას თავისი სკანდალური გადაწყვეტილების მიზეზები გააცნო

თურნავამ აღნიშნა, რომ შენარჩუნებული იქნება ყველა რეგულაცია და შეზღუდვა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის მიმართ შემოიღეს.
Sputnik
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ, IMF) მისიის მუდმივ წარმომადგენელს ენდრიუ ჯუველს განუმარტა, თუ რას ნიშნავს ცვლილებები სანქციების აღსრულების წესში და რატომ არის დღის წესრიგში ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს შეცვალა საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. სანქციები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქართულმა სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ამით ეროვნულმა ბანკმა შეცვალა ერთი დღით ადრე მიღებული თავისივე გადაწყვეტილება ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ სანქციების სიაში მოხვედრის გამო.

„საქართველოს ეროვნული ბანკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობას. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ფონდთან ინტენსიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ მზად ვართ, კითხვების არსებობის შემთხვევაში ამომწურავი პასუხები გავცეთ მათ“, – განაცხადა თურნავამ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თურნავამ აღნიშნა, რომ შენარჩუნდება ყველა ის რეგულაცია და შეზღუდვა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს დაუწესეს.
თურნავას თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი ინტენსიურ კომუნიკაციაშია საფინანსო სექტორთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან საჭირო ინფორმაციის მისაწოდებლად.
თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან
სსფ მრავალი წლის განმავლობაში ეხმარება საქართველოს სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში.
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.
2022 წელს საქართველო და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქვეყნის ახალ სამწლიან პროგრამაზე შეთანხმდნენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა ახალი Stand-By Arrangement-ის 280 მლნ დოლარიანი შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან (100%-იანი კვოტები და 210,4 მლნ SDR).
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლების პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.
სკანდალი ეროვნული ბანკის ირგვლივ
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 18 სექტემბერს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს აქტივებზე და ფინანსურ ოპერაციებზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო. ეროვნულ ბანკში ეს გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო მოთხოვნების სრულ შესაბამისობაში მუშაობს.
მაგრამ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" რეგულატორს უდანაშაულობის პრეზუმფცია შეახსენეს და მოუწოდეს, დაელოდონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებას.
„ზეწოლის კლასიკური მაგალითი" - ნათია თურნავა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწოდებაზე >>
მეორე დღეს, 19 სექტემბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ხელი მოაწერა ბრძანებას საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესის შეცვლაზე იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. სანქციები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქართულმა სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.
ამით ეროვნულმა ბანკმა შეცვალა ერთი დღით ადრე მიღებული თავისივე გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ სანქციების სიაში მოხვედრის გამო.
ეროვნული ბანკის განმარტებით, საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები, მარეგულირებლის მითითებით, სრულად იცავენ რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციებს და რომ ქვეყანა არასოდეს ყოფილა და არ გახდება ამ სანქციების გვერდის ავლის ადგილი. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე დაცულია ქვეყნის კონსტიტუციით და მარეგულირებელი მოქმედებს ქვეყნის მთავარი კანონის შესაბამისად.
ზეწოლას ვერ გაუძლეს - ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების გადადგომაზე >>
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს პრეზიდენტისთვის. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ნათია თურნავამ 19 სექტემბრის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებთან კოორდინაციის გარეშე მიიღო. მისი თქმით, ეს არის სამარცხვინო საქციელი და თურნავა უნდა გადადგეს. პრეზიდენტმა სინანული გამოთქვა, რომ თავის დროზე ეროვნული ბანკის საბჭოში თურნავას კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად მან წარუდგინა.
თავის მხრივ, თურნავამ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს მოქალაქეები ამიერიდან უფრო მეტად იქნებიან დაცული, თუნდაც საერთაშორისო სანქციების რეჟიმის ზემოქმედების დროს. პრეზიდენტის მოწოდებას თურნავამ ზეწოლის კლასიკური მაგალითი უწოდა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრი სწორედ ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან ზეწოლის ფონზე გადადგნენ.