თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა – ვაქცინის უფასოდ ჩატარებას შეძლებენ 10-დან 45 წლამდე მდედრობითი სქესისა და 10-დან 26 წლამდე მამრობითი სქესის პირები, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
ვაქცინაციის სქემა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის განსხვავებულია. 15 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის აცრების კურსი ორდოზიანია და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა.
15-დან 45 წლამდე გოგონებისა და ქალებისთვის აცრების კურსი სამდოზიანია. სამჯერადი ვაქცინაცია ტარდება შემდეგი სქემით: 0–2–6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.
ასევე სამდოზიანია აცრების კურსი 15-დან 26 წლამდე ბიჭებისა და მამაკაცებისთვის. სამჯერადი ვაქცინაცია მიმდინარეობს შემდეგი სქემით: 0–2–6 თვე. აქაც პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.
პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 10–12 წლის გოგონებისა და ბიჭებისთვის ხორციელდება პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც რეგისტრირებულია. გაწეული მომსახურება (აცრა–ვიზიტი და ექიმის კონსულტაცია) სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
13–45 წლის ქალებისა და 13–26 წლის მამაკაცებისთვის ვაქცინაცია კი ტარდება ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც უზრუნველყოფს პაპილომების საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერვისს. ის ბენეფიციარებისთვის აგრეთვე სრულიად უფასოა.
პაპილომავირუსი (HPV) მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ცნობილია ამ ვირუსის 100-ზე მეტი გენოტიპი, მათგან 13 კიბოს გამომწვევია. HPV ვირუსის ორი გენოტიპი (16 და 18) იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს და საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების 70%-ს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კლინიკურმა ცდებმა კარგა ხანია დაადასტურა, რომ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა და ძალზე ეფექტური. ამასთან, ჯობს ვაქცინაცია პირველ სექსუალურ კონტაქტამდე ჩატარდეს.