საქართველოსა და ჩინეთის რეგიონებმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

მხარეები ერთობლივად განახორციელებენ გაცვლით პროგრამებს ეკონომიკის, ვაჭრობის, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.
Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ქართული დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის მსვლელობისას იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესა და ჩინეთის პროვინცია გუიჯოუს გუბერნატორს ლი პინგძიუნს შორის გაფორმდა მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ, იუწყება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრეს-სამსახური.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ჩინეთში ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში ჩავიდა.

„რაც შეეხება ჩვენს ოფიციალურ ვიზიტს ჩინეთში, ეს კონკრეტულად იმერეთისთვის არის ახალი შესაძლებლობა და გამოწვევა რეგიონის განვითარებისთვის. მიმაჩნია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი იქნება კონკრეტული შედეგებისა და სარგებლის მომტანი ორივე მხარისთვის", – განაცხადა შალამბერიძემ.

მემორანდუმი ითვალისწინებს ორ რეგიონს შორის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებასა და გაძლიერებას. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივად განახორციელებენ გაცვლით პროგრამებს ეკონომიკის, ვაჭრობის, განათლების, კულტურის, ტურიზმის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.
მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ გუბერნატორი ალკოჰოლური სასმელების მე-12 გამოფენას დაესწრო, რომელიც თავისი მასშტაბით ჩინეთში ერთ-ერთი უდიდესი და მუდმივად მზარდია. გამოფენაზე იმერული ღვინის ასოციაციამ წარადგინა იმერული ღვინოები, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
გუბერნატორი ასევე ესტუმრა ადგილობრივ სამშენებლო კომპანიას, რომელიც საქართველოში ავტობანის მშენებლობას ახორციელებს. ქართული დელეგაცია იმყოფებოდა გუიანგის სამედიცინო უნივერსიტეტშიც, სადაც ქუთაისის უნივერსიტეტებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ისტორიული გადაწყვეტილება - პრემიერ-მინისტრი ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ>>
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2023 წლის ივლისში ჩინეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის მსვლელობისას გადაწყდა, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დონე სტრატეგიულ პარტნიორობამდე გაიზარდოს.
საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის 11 სექტემბრიდან უვიზო რეჟიმი დააწესა.
საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. იმ დროიდან ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ორიენტირებული.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.
საქართველო ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აწესებს>>
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
საქართველოს 2022 წელს ჩინეთის დაახლოებით 7,4 ათასი მოქალაქე ეწვია, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 69,1%-ით, ხოლო 2021 წლის მაჩვენებელზე 112,8%-ით მეტია.