თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის ახალ ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს, ისევე, როგორც მის წინამორბედს კელი დეგნანს, მჭიდრო კავშირები აქვს „გლობალური ომის პარტიის“ ამოცანების მთავარ შემსრულებლებთან, ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
მოძრაობა „ხალხის ძალა“ ცნობილია საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ყოფილი ელჩის კელი დეგნანის კრიტიკით. დეპუტატებმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა, რომლებმაც მოძრაობა 2022 წლის აგვისტოში დააარსეს, დაიწყეს ქართული „რადიკალური ოპოზიციის“ პროვოკაციებისგან გამიჯვნის მოწოდებით, შემდეგ კი ღიად დაადანაშაულეს დეგნანი, რომ ის რადიკალების უკან დგას და აფინანსებს მათ.
„საქართველოდან კელი დეგნანის წასვლას ქართულ საზოგადოებაში ფართო სიხარული მოჰყვა. გაჩნდა იმედი, რომ ქვეყანა ახლა მაინც დამშვიდდებოდა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობები თავიდან დალაგდებოდა. თუმცა სიხარული, შესაძლოა, ნაადრევი იყოს, რაზეც ახალი ელჩისა და მისი მოადგილის ბიოგრაფიები მიგვანიშნებს“, – ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობის განცხადებაში.
განცხადების ავტორები ამტკიცებენ, რომ როგორც დეგნანი, ისე დანიგანი ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიქტორია ნულანდის კადრები არიან.
„ნულანდი კი ის ქალბატონია, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტში „გლობალური ომის პარტიის“ ხაზის მთავარი გამტარებელია და სისხლიანი ომებისა და რევოლუციების მიმართ განსაკუთრებული ენთუზიაზმით გამოირჩევა. ის გახლდათ უკრაინული „მაიდნის“ სულისჩამდგმელიც“, – აღნიშნავენ განცხადების ავტორები.
ამასთან აღნიშნულია, რომ ნულანდი თავის დროზე იყო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყველაზე აქტიური ლობისტი, რომელსაც, როგორც ჩანს, „2008 წლის ომის გამო განსაკუთრებულად ემადლიერებოდა“.
თავად მომავალი ელჩი რობინ დანიგანი, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უშუალო მონაწილეობას იღებდა კიევში „მაიდნის“ რევოლუციის ორგანიზებაში.
მას ახლო ურთიერთობები აკავშირებს როგორც ნულანდთან, ისე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხწლმძღვანელ ანდრეი ერმაკთან და უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავიდ არახამიასთან, რომლებიც უკრაინაში „გლობალური ომის პარტიის“ დავალებების მთავარი შემსრულებლები არიან, ამტკიცებენ განცხადების ავტორები.
„რაც შეეხება ელჩის მოადგილეს ალან პარსელს, ის „მაიდნის“ დროს ამერიკის საელჩოში პოლიტიკურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა და აშკარაა, რომ საქართველოში ისიც სწორედ მისი რევოლუციური გამოცდილების გამო გამოუშვეს“, – ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანი 2023 წლის 14 იანვარს წარადგინა. აშშ-ის სენატმა რობინ დანიგანი საქართველოს ახალი ელჩის თანამდებობაზე ოფიციალურად ივლისის ბოლოს დაამტკიცა.
კარიერული დიპლომატი რობინ დანიგანი დამტკიცებამდე ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი ავსტრიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო.
დანიგანი ასევე მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში.
იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა ავსტრიის, ვიეტნამის, ჩილეს, თურქეთის, კუბისა და სალვადორის საელჩოებში.
რობინ დანიგანი საქართველოში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანს ჩაანაცვლებს, რომელიც ამერიკის დიპლომატიურ მისიას 2019 წლის ბოლოს ჩაუდგა სათავეში.
კელი დეგნანი საქართველოში ელჩად დანიშვნამდე იყო ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის პოლიტიკური მრჩეველი. მანამდე კი ხელმძღვანელობდა აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს კოსოვოსა და იტალიაში.
სკანდალები საქართველოში
კელი დეგნანის დიპლომატიური საქმიანობა საქართველოში არაერთ სკანდალს უკავშირდება. მათი უმრავლესობის წარმოშობა ასოცირდება ახალ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალასთან“, რომელიც 2022 წლის აგვისტოში შეიქმნა.
ახალი მოძრაობა დაკომპლექტდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი დეპუტატებით. ესენი არიან სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.
„ხალხის ძალამ“ საქმიანობა აშშ-ის ელჩის მისამართით კრიტიკული წერილებითა და განცხადებებით დაიწყო. პირველი გახმაურებული ბრალდება ჯერ კიდევ 2022 წლის ივლისში მოძრაობის ოფიციალურად შექმნამდე იქნა წაყენებული – საუბარი იყო ზეწოლაზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელზე, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილზე კელი დეგნანის მხრიდან.
„ხალხის ძალის“ ლიდერების თქმით, უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ელჩი ივანიშვილს შეხვდა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა მოსთხოვა.
დეგნანმა უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ ივანიშვილს დიდი ხანია არ შეხვედრია.
საპასუხოდ ივანიშვილმა ხანგრძლივი დუმილი დაარღვია. მან დაადასტურა, რომ უკრაინაში მოვლენების დაწყების შემდეგ აშშ-ის ელჩს შეხვდა და რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ.
ამის შემდეგ დეგნანის მისამართით ახალი ბრალდებები გახმოვანდა – ამჯერად მოსამართლე ლაშა ჩხარტიშვილზე ზეწოლის შესახებ, რომელმაც ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკი გვარამია გაასამართლა.
დეგნანთან დაკავშირებული ბოლო სკანდალი ეხება მის ინტერვიუს უცხოურ მედიასაშუალებასთან, სადაც ელჩი საქართველოში დანერგილი ელექტრონული საარჩევნო სისტემის საკითხს შეეხო.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებში პრაქტიკამ აჩვენა, რომ სისტემა არ იძლევა გარანტიას, რომ ყველაფერი "სუფთა და სამართლიანი" იქნება; სისტემით მანიპულირება ასევე შესაძლებელია, თუ ადამიანებს არ ესმით, როგორ მუშაობს ის.
დეგნანის განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გააკრიტიკა და დიპლომატს მავნებელი უწოდა. ზარქუას თქმით, დეგნანი ვერ შედგა როგორც ელჩი, ხოლო თანამდებობაზე ყოფნისას არ გაითვალისწინა, რომ არა პარტიის, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელი იყო.