მსოფლიო დღეს

50-ჯერ მეტი: FBI-ს შეფმა ჩინეთის კიბერშპიონაჟის მასშტაბები შეაფასა

Sputnik
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ჩინეთის კიბერშპიონაჟის პროგრამა იმდენად მასშტაბურია, რომ აღემატება ერთად აღებულ ყველა მთავარ კონკურენტს, განაცხადა FBI-ს დირექტორმა კრისტოფერ რეიმ ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე.

„ჩინეთს უკვე აქვს უფრო მასშტაბური ჰაკერული პროგრამა, ვიდრე ყველა სხვა მსხვილ სახელმწიფოს ერთად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ FBI-ს ყველა კიბერაგენტი და ანალიტიკოსი მხოლოდ ჩინეთზე კონცენტრირდება, ჩინელი ჰაკერები მაინც 50-ჯერ მეტი იქნებიან, ვიდრე ჩვენი კიბერსპეციალისტები“, — აღნიშნა მან.

კრისტოფერ რეიმ ეს განცხადება ორშაბათს გააკეთა ვაშინგტონში mWISE კონფერენციაზე, რომელიც კიბერუსაფრთხოების კომპანია Mandiant-ის მიერ იყო ორგანიზებული.
როგორც ამერიკული პრესა წერს, მუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები უკვე წლებია საუბრობენ ჩინელი ჰაკერების მიერ ამერიკული საიდუმლო მასალების მოპარვის შესახებ, FBI-ს დირექტორის კომენტარები მაინც უჩვეულოდ მწვავე გამოდგა.
კრისტოფერ რეის აღნიშნული კომენტარი გახმაურებულ კიბერშეტევებს მოჰყვა, რომლებშიც ჩინეთს ადანაშაულებენ. მათ შორისაა აშშ-ის მაღალჩინოსნების ელექტრონული ფოსტების გატეხვა და ასობით ათასი წერილის მოპარვა.
კომპანია Mandiant-ის გენერალური დირექტორი კევინ მანდია ასევე მიიჩნევს, რომ ჩინელი ჰაკერები „მთავარი ნოვატორები არიან კიბერშეტევების სფეროში“.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა არაერთხელ უარყო ჰაკერების გამოყენება აშშ-ის წინააღმდეგ ჯაშუშობისთვის. გასულ თვეში აშშ-ში ჩინეთის საელჩომ განაცხადა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები და მასმედია ხშირად აზვიადებენ ჩინეთთან დაკავშირებული შპიონაჟის ბრალდებებს.