ღარიბაშვილი ერდოღანს შეხვდა - რაზე იმსჯელეს მხარეებმა

ორი ქვეყნის ლიდერების განხილვის თემები, მათ შორის, იყო რეგიონული უსაფრთხოება და ეკონომიკური თანამშრომლობა.
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიიფ ერდოღანს შეხვდა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
გაეროს გენასამბლეის 78-ე სესიაზე მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა, გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ასევე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგები და მომავალში თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველომ და თურქეთმა თანამშრომლობის მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, რაც აისახა როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ განზომილებაში.
არსებული რეგიონული პროექტები ეფექტური სტრატეგიული თანამშრომლობის, სტაბილური განვითარებისა და საიმედო პარტნიორობის ნათელი მაგალითია საქართველოსა და თურქეთს შორის, რაც მეტ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, უსაფრთხოებასა და მედეგობას მოუტანს ორივე ქვეყანას, აღნიშნა პრემიერმა.
მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საკითხების მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით დარეგულირების მნიშვნელობას.
თურქეთის უშიშროების საბჭოს გენმდივანმა საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრები გამართა>>
მთავრობის მეთაურმა ერდოღანს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესია ოფიციალურად 5 სექტემბერს გაიხსნა, თუმცა ძირითადი ღონისძიებები 19 სექტემბერს დაიწყება, როდესაც გაიხსნება მაღალი დონის კვირეული მთელი მსოფლიოდან ქვეყნებისა და მთავრობების მეთაურების, საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით.
საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. მხარეებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების და სხვა სფეროებში.