დანიიდან შვეიცარიაში - ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა ბეილერის ფონდის მუზეუმში გაიხსნა

გამოფენაზე ნიკო ფიროსმანის 46 ნამუშევარია წარმოდგენილი
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შვეიცარიაში, ბეილერის ფონდის მუზეუმში გაიხსნა დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც 2024 წლის 28 იანვრამდე გასტანს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შვეიცარიამდე, 4 მაისიდან 20 აგვისტომდე ფიროსმანის ნამუშევრები იყო გამოფენილი დანიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმ „ლუიზიანაში“ (Louisiana), გამოფენას 260 ათასი ვიზიტორი ეწვია.
მოლოდინს გადააჭარბა: ფიროსმანის გამოფენას დანიაში 250 ათასზე მეტი ადამიანი ეწვია >>
შვეიცარიაში გამოფენაზე წარმოდგენილია ფიროსმანის 46 ნამუშევარი, რომელთაგან 45 შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კოლექციას ეკუთვნის, ხოლო ერთი ნამუშევარი სოფელ მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმის კოლექციიდანაა. გამოფენის კურატორი არის დანიელ ბაუმანი – ციურიხის კუნსტჰალეს დირექტორი.
შვეიცარიაში, ბეილერის ფონდის მუზეუმში გაიხსნა დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა
ექსპოზიციის ფარგლებში სრულიად ახლებურად არის წარმოდგენილი ე.წ. ფიროსმანის ოთახი, რომლითაც დამთვალიერებლისთვის მოთხრობილია ფიროსმანისა და, ზოგადად, იმდროინდელი თბილისის ცხოვრება, ამისათვის კი გამოყენებულია ეროვნული მუზეუმის დიმიტრი ერმაკოვის ფონდის ფოტომასალა, იმ პერიოდის საგაზეთო პუბლიკაციები და გამოცემები.
ოთახი, სადაც ფიროსმანი ცხოვრობდა
ნიკო ფიროსმანის გამოფენების ევროპაში მოწყობის იდეა 2022 წელს „ინფინიტ არტის“ ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტისას კულტურის მინისტრთან მისი შეხვედრისას განიხილეს. 2022 წლის ივნისში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანისა, და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილის, ნიკა ახალბედაშვილის ბაზელში ვიზიტისას, ბეილერის ფონდის ხელმძღვანელთან, სამუელ კელერთან, გაიმართა მოლაპარაკებები, რა დროსაც გადაწყდა, რომ 2023 წლის შემოდგომაზე ფიროსმანის ნამუშევრები ბეილერის ფონდში გამოიფინებოდა.
მნიშვნელოვანია, რომ ბეილერის ფონდი ლუიზიანას მუზეუმთან ერთად იმუშავებს ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი ქართულ-ინგლისური ვებგვერდის შესაქმნელად. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ლუიზიანას მუზეუმმა გამოსცა ნიკო ფიროსმანის გამოფენის კატალოგი, ხოლო ბეილერის ფონდი ნიკო ფიროსმანის შემოქმედებისადმი მიძღვნილ ალბომს გამოსცემს.
შვეიცარიაში, ბეილერის ფონდის მუზეუმში გაიხსნა დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა
საგამოფენოდ შერჩეული ნამუშევრები ტრანსპორტირებისთვის საერთაშორისო სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისად შეიფუთა, უვნებლად გაიგზავნა და დაბინავდა დანიაში, ლუიზიანას მუზეუმსა და შემდეგ შვეიცარიაში, ბეილერის ფონდში.
შვეიცარიაში ტრანსპორტირების შემდეგ რესტავრატორებმა ნანა მანაგაძემ და მარკუს გროსმა ნახატების მდგომარეობა შეამოწმეს.
ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები სამშობლოში 2024 წლის თებერვალში დაბრუნდებიან.
ნიკო ფიროსმანი (1862-1918) XX საუკუნის უდიდესი ქართველი მხატვარია. იგი სიღარიბეში ცხოვრობდა და სიღარიბეშივე გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ კი მსოფლიომ აღიარა როგორც უდიდესი მხატვარი. მხატვრის სურათების უმრავლესობა, 146 ტილო დაცულია თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.