თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. 2023 წლის დასაწყისიდან საქართველოში დაფიქსირდა მოსახლეობის უარყოფითი ბუნებრივი მატება, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, 2023 წლის იანვრიდან ივნისამდე საქართველოში 19.431 ბავშვი დაიბადა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 21.944 შეადგინა. მოსახლეობის უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, აჭარის, ქვემო ქართლისა და თბილისის გარდა.
ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისში (340), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (870) და ქვემო ქართლის რეგიონში (145).
საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა ყოველწლიურად უარესდება. 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ქვეყნის მოსახლეობის საშუალო ასაკი 38 წელს შეადგენდა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 71,4 წელს. ამასთან, საქართველოში პირველი ბავშვის გაჩენის საშუალო ასაკი 26,4 წელია.
პრობლემის გადასაჭრელად აპრილში შეიქმნა სპეციალური საბჭო, რომელშიც შევიდნენ მინისტრები, პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორი და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
საბჭომ უნდა შეიმუშაოს სტრატეგია ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
გარდა ამისა, გეგმების განსახორციელებლად საბჭო მოამზადებს საკანონმდებლო ინიციატივებს, შეიმუშავებს სექტორულ სტრატეგიებს დემოგრაფიული განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად და ასევე შეამოწმებს სტრატეგიის შესრულებას.