საქართველო კანდიდატის სტატუსზე უარს ვერ შეეგუება - პრემიერი

საქართველო არავის არ ადარებს თავს, არამედ ითხოვს დამსახურებულ სტატუსს, აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებაზე უარი დიდი შეცდომა და უსამართლობა იქნება, რომელსაც ქვეყანა ვერ შეეგუება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.

„ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული. მიზეზი არ არის და აღარ იარსებებს, თუ რატომ არ უნდა მიიღოს ქვეყანამ სტატუსი. ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა და უსამართლობა, რასაც არ შევეგუებით. საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველო არავის ედრება, არამედ ითხოვს დამსახურებულ სტატუსს, აღნიშნა პრემიერმა.
„მით უმეტეს იმ გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რაც რეგიონშია და იმ შედეგების, მიღწევების გათვალისწინებით, რასაც ჩვენმა გუნდმა მიაღწია", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მომდევნო კვირაში მმართველ გუნდს რეაგირება ექნება ყველა პუნქტზე, რომლებიც განხილული იყო საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელ ჟოზეპ ბორელთან, როდესაც ის საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა.
50/50-ზე: კობახიძემ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსები შეაფასა>>
„მაქსიმალურს გავაკეთებთ, იმ კვირაში ეს პროცესიც ჩაიხურება, მაქსიმუმ თვის ბოლომდე ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული", – აღნიშნა პრემიერმა.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
„ევროკავშირის კარი ღიაა, მაგრამ..." - ბორელმა საქართველოს მიმართა>>
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.