რა და როგორ გადაწყვიტეს ეროვნულ ბანკში?

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტით შეამცირა, რითაც მონეტარული პოლიტიკის შერბილების ტენდენცია შეინარჩუნა. რა მოლოდინი იყო და არის საფინანსო სექტორში და როგორ აისახება ეს გადაწყვეტილება საბანკო სექტორის დებიტორთა ჯიბეზე.
Sputnik
წინამდებარე სტატიას ქართულ მედიაში 13 სექტემბერს გავრცელებული ერთ-ერთი ინფორმაციიდან ამონარიდის ციტირებით დავიწყებ. „დღეს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. კომიტეტის სხდომის შედეგების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი პრესრელიზს გაავრცელებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა კომიტეტის გადაწყვეტილებას საზოგადოებას გააცნობს და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხებს...“, − იუწყებოდნენ მედიასაშუალებები.
უკვე მრავალი წელია, ჩემი სტატიების თემატიკა ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკურ სისტემაში მიმდინარე პროცესების მიმოხილვაა. ასე რომ, გასაკვირი არ უნდა იყოს, თუკი ამ შეტყობინებამ ჩემი ყურადღება მიიქცია და კოლეგებთან ერთად ეროვნული ბანკის ოფისს მივაშურე.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრები, მიმდინარე წლის რიგით მეექვსე სხდომაზე, არაქართული პუნქტუალობით, დათქმულ დროს შეიკრიბნენ... თუმცა, სანამ გადაწყვეტილებას გაგაცნობთ, ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის უახლოესი წარსულიდან მოკლე ექსკურს შემოგთავაზებთ... ვიცით, რა საჭიროა, დროს რატომ კარგავ? − შესაძლოა, ჩამეძიოთ. რა გაეწყობა, განვმარტავ, „გამეორება ცოდნის დედაა“... თანაც ეს დაგვეხმარება, კარგად გავერკვეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეროვნულ ბანკის მონეტარულ პოლიტიკაში ჩამოყალიბებულ ტენდენციებში და 13 სექტემბრის გადაწყვეტილება საერთო კონტექსტში გავიაზროთ.
რეფინანსირების განაკვეთი წლის ბოლომდე 9,5%-მდე შემცირდება - ეროვნული ბანკის პროგნოზი
შეგახსენებთ, 2020 წლის თებერვლიდან მოყოლებული ჯერ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის, ორი წლის შემდეგ კი რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირების დაწყებიდან დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში, საერთაშორისო ბაზარზე სურსათის, ნავთობპროდუქტისა და ტრანსპორტირების გაძვირების შედეგად, მსოფლიო მზარდი ინფლაციის პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, გლობალური გამოწვევა საქართველოზეც აისახა. წლიწნახევრის განმავლობაში ორნიშნა ინფლაციის პირობებში ვცხოვრობდით.
ინფლაციურ პროცესებს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით უპასუხა, 2021 წლის მარტიდან მოყოლებული ერთი წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთი 2.5 პროცენტული პუნქტით 11 პროცენტამდე გაზარდა. მომდევნო თოთხმეტი თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ნიშნული არ შეცვალა და მხოლოდ მიმდინარე წლის 10 მაისს მიიღო რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება. 2 აგვისტოს კი მონეტარული პოლიტიკის ნიშნული კიდევ 0.25 პროცენტით შემცირდა და 10.25 პროცენტს გაუტოლდა.
საინტერესოა, როგორი მოლოდინი იყო საფინანსო სექტორში, რას ვარაუდობდნენ ექსპერტები მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე?
Galt & Taggart-ის ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი 9.5 პროცენტამდე შემცირდება, მომდევნო წლის ბოლოსთვის კი 8.0 პროცენტის ნიშნულზე იქნება. მათივე პროგნოზით, ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს თანმიმდევრულად შეამცირებს.
ექსპერტი: რეფინანსირების განაკვეთის შემცირება დადებითად იმოქმედებს მოქალაქეების ჯიბეზე
„ჩვენი მოლოდინითა და ეროვნული ბანკის გაცხადებული გეგმით, 13 სექტემბერს დაგეგმილ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტით შემცირდება...“− ასეთი იყო Galt & Taggart-ის ეკონომისტის ლაშა ქავთარაძის ვარაუდი.
მონეტარული პოლიტიკის თანდათან შერბილებასა და მიმდინარე წლის ბოლომდე, რეფინანსირების განაკვეთის 9.5 პროცენტის ნიშნულამდე შემცირებას პროგნოზირებდნენ საკონსულტაციო კომპანია „თიბისი კაპიტალშის“ ანალიტიკურ ჯგუფშიც.
არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე ასევე ვარაუდობდა, რომ ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის ნიშნულს უახლოეს სხდომაზე შეამცირებდა.
„ცენტრალური ბანკები ამგვარ პრაქტიკას ხშირად მიმართავენ, წინასწარ აანონსებენ თუ როგორი იქნება მონეტარული პოლიტიკა, როდის შემცირდება განაკვეთი და როდის მოიმატებს, რაც მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რადგან ვინც ეკონომიკური საქმიანობის დაგეგმვას აპირებს, დაახლოებითი წარმოდგენა, ჰქონდეს თუ რა არის სამიზნე მაჩვენებელი და რამდენ პროცენტზე იქნება წლის ბოლოს რეფინანსირების მაჩვენებელი. არის ვარაუდი, რომ წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი 9 პროცენტამდე უნდა შემცირდეს, რაც სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს...“ − აცხადებდა გიორგი კეპულაძე.
პროგნოზები გამართლდა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით 10 პროცენტამდე შეამცირა. საინტერესოა, ეროვნულ ბანკში როგორ განმარტეს მიღებული გადაწყვეტილება. ეროვნულ ბანკში რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მთავარ ფაქტორად ინფლაციური წნეხის შერბილებას ასახელებენ.
„ინფლაცია, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, სამიზნე მაჩვენებელზე დაბალია და აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 0.9 პროცენტი, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2.5 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის ფორმირებაში მნიშვნელოვნად შემცირებულია საგარეო ფაქტორების როლი. კერძოდ, გასული წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო ბაზრებზე სურსათისა და ნედლეულის ფასებმა დაიკლო და საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებაც თითქმის პანდემიამდელ ნიშნულს დაუახლოვდა. ეს კი, ლარის გამყარებულ გაცვლით კურსთან ერთად, საქართველოში იმპორტული საქონლის ფასებს ამცირებს. ამავე დროს, ინფლაციის კლებას მნიშვნელოვნად განაპირობებს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა. შედეგად, ადგილობრივი ინფლაციაც, შედარებით ნელი ტემპით, თუმცა მაინც იკლებს და აგვისტოში 6.1 პროცენტს გაუტოლდა. მიმდინარე წლის განმავლობაში, მისი კიდევ უფრო შემცირებაა მოსალოდნელი...“, − განმარტავენ ეროვნულ ბანკში.
საბანკო სექტორის მარეგულირებელი უწყების შეფასებით, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტემპი გრძელვადიან პოტენციურ ეკონომიკურ ზრდას მიუახლოვდა. მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2023 წლის შემდგომ თვეებში მიზნობრივ 3 პროცენტიან ნიშნულზე დაბალი იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში კი, მასთან ახლოს შენარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ მოკლევადიან პერიოდში მიზნობრივ ნიშნულზე დაბალი ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ნორმალიზებას უწყობს ხელს.
როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, კვლავ მაღალია ინფლაციური რისკი. მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა მსოფლიო ბაზრებზე
გაურკვევლობას ზრდის. ამავე დროს, საგარეო რისკებთან ერთად, კვლავაც საყურადღებოა ადგილობრივი ეკონომიკური ტენდენციებიც. საკრედიტო აქტივობა უცხოურ ვალუტაში დაჩქარდა. აღნიშნული ტენდენციის გაგრძელებამ მომავალში ინფლაციაზე დამატებითი წნეხი შეიძლება, წარმოშვას. ყველა ამ საგარეო თუ საშინაო ფაქტორის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას ნელი ტემპით გააგრძელებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 25 ოქტომბერს გაიმართება და გაირკვევა, რამდენად შეინარჩუნებს ეროვნული ბანკი რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის შემცირების ტენდენციას. მანამდე კი საბანკო სექტორის 186,632 მომხმარებელს გავახარებ, მათ სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდებათ... რამდენით? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი. მოგახსენებთ, იმდენით, რამდენი პროცენტითაც რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა ანუ 0.25 პროცენტით. ბევრია ეს თუ ცოტა? დამეთანხმებით, რომ სულ არაფერს ჯობია.
დღეისათვის აქ დავსვამ წერილს. უახლოეს დღეებში რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების სტრუქტურის მიმოხილვით დაგიბრუნდებით.
სამსონ ხონელი