ჟიურიმ საქართველოდან „ოსკარზე" წარსადგენი ფილმი შეარჩია

გამარჯვებული ფილმი კომისიამ ფარული კენჭისყრით გამოავლინა.
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოდან ამერიკული კინოაკადემიის პრემია „ოსკარის" ნომინაციაში „საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმი" თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „მოქალაქე წმინდანი" წარდგება.
კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა „ოსკარისთვის" სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის შერჩევის შესახებ აგვისტოში გამოაცხადა. შედეგად კონკურსის შორტ-ლისტში, „მოქალაქე წმინდანის" გარდა, შევიდა კიდევ სამი ფილმი: „გრაკლიანი გორის წარწერის საიდუმლო" - რეჟისორი ლელა წიფურია; „მშვენიერი ელენე" - რეჟისორი გიორგი ოვაშვილი; „შაშვი შაშვი მაყვალი" - რეჟისორი ელენე ნავერიანი.
გამარჯვებული ფილმი სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრით გამოავლინა.
თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის მსოფლიო პრემიერა მიმდინარე წლის 6 ივლისს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მეშახტეების ქალაქის მთავარ მოედანზე აღმართულია ჯვარი წმინდანის გამოსახულებით, რომელსაც ადგილობრივები თავის მფარველად თვლიან. მაგრამ ერთ დღეს ჯვარს მოხსნიან შესაკეთებლად, წმინდანის ქანდაკება მოულოდნელად გაქრება, ქალაქის მცხოვრებლებს შორის კი იდუმალი უცნობი გამოჩნდება.
„მოქალაქე წმინდანი“: ქართული ფილმი სერბეთში კინოფესტივალის გამარჯვებულია>>
თავის მესამე ფილმში, სატირულ იგავში წმინდანის შესახებ, რომელიც ჯვრიდან ჩამოდის, რათა იცხოვროს მოკვდავებს შორის, ყაჯრიშვილი სვამს კითხვას – ვისი უნდათ რომ ირწმუნონ ადამიანებმა? წმინდანებს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვთ, როგორც უსულო სიმბოლოებს, თუ არსებობის უფლება აქვთ, როგორც ცოცხალ ადამიანებს?
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ლევან ბერიკაშვილი, გიორგი ბაბლუანი, მარი კიტია და გია ბურჯანაძე. თინათინ ყაჯრიშვილი არის რეჟისორი, სცენარისტი, ასევე პროდიუსერი ლაშა ხალვაშთან ერთად. ფილმი საქართველოს კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
ამერიკული კინოაკადემიის პრემია „ოსკარის“ გადაცემის 96-ე ცერემონია 2024 წლის 24 მარტს გაიმართება.