განათლების მინისტრმა სკოლის მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა

წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 55.000-ზე მეტი პირველკლასელია.
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
15 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ახალ სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 55.000-ზე მეტი პირველკლასელია.

„მინდა ეს მნიშვნელოვანი თარიღი განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც წელს პირველად შეაღებენ სკოლის კარებს. ვულოცავ მოსწავლეებს, მშობლებს, ჩვენს მასწავლებლებს და წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებ. ყველა პირველკლასელს სკოლაში საინტერესო, დაუვიწყარი და თავგადასავლებით სავსე წლების გატარებას ვუსურვებ", – განაცხადა მინისტრმა.

როგორც ამილახვარმა აღნიშნა, პირადად ის, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, სრულად აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას და ყველაფერს გააკეთებს, რომ სკოლებში უზრუნველყოფილი იყოს ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო და თითოეულმა მოსწავლემ ცოდნასთან ერთად მიიღოს ღირებული ცხოვრებისეული გამოცდილება.
მინისტრის თქმით, მან და მისმა გუნდმა ზოგადი განათლების განვითარების კუთხით აქტიურად დაიწყეს მუშაობა. მათ ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტს სწორედ სკოლების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მათ შორის, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშეწყობა, მასწავლებლების მხარდაჭერა და მათი დაფასება წარმოადგენს.

„მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით ყველა გამოწვევას დავძლევთ და ჩვენს შვილებს შევუქმნით კიდევ უფრო უკეთეს საგანმანათლებლო გარემოსა და ინფრასტრუქტურას, სადაც გააგრძელებენ ხარისხიანი განათლების მიღებას", – აღნიშნა მინისტრმა

სახელმწიფო სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყებასა და დასრულებას ზოგადი განათლების შესახებ კანონი არეგულირებს. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, სწავლა 15 სექტემბერს იწყება, ხოლო მთავრდება 10 ივნისის შემდეგ პირველ პარასკევს.
საქართველოს სკოლებში სასწავლო წელი დაიწყო>>
სწავლის დაწყების თარიღის გადატანა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის გამოსასვლელ დღეს დაემთხვევა. ასეთ დროს სწავლა 15 სექტემბრის შემდეგ პირველივე სამუშაო დღეს დაიწყება.
უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში 2.308 სკოლაა, მათგან 2.086 საჯარო, ხოლო 222 – კერძო სკოლა.
ყველაზე მეტი სკოლა (396) იმერეთის რეგიონშია. თბილისი სკოლების რაოდენობით (292) მეორე ადგილზეა. მოსწავლეთა რაოდენობა დაახლოებით 624,5 ათასს შეადგენს.