განათლების მინისტრი - ვალი გაუნულდებათ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს

სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო 30 ათასამდე სტუდენტს აქვს შეჩერებული, ხოლო მათი საერთო დავალიანება დაახლოებით 40 მილიონი ლარია.
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. უმაღლესი სასწავლებლების მიმართ არსებული დავალიანება ყველა იმ სტუდენტს გაუნულდება, ვისაც სტატუსი ბოლო 5 წლის განმავლობაში შეუჩერდა, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვთ შეჩერებული, დავალიანება ჩამოეწერებათ.

„ვალს გავუნულებთ ყველა ბოლო ხუთი წლის სტატუსშეჩერებულ სტუდენტს. შესაბამისად, მათი გადასაწყვეტია, სტატუსს როდის აღიდგენენ. შესაძლებელია, ეს იყოს წელსვე, გვინდა ასე მოვასწროთ. ამიტომაც გამოცხადდა დღეს, რათა წლევანდელ სასწავლო წელსვე შეძლონ სწავლის დაწყება“, – აღნიშნა მინისტრმა.

თუ ამას ახლა ვერ შეძლებენ, მათ ვალი ჩამოწერილი, განულებული ექნებათ და კანონით სადამდეც ექნებათ აღდგენის უფლება, მაშინ შეძლებენ სტატუსის აღდგენას – იქნება ეს მომავალ წელს თუ იმის შემდეგ წელს, განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ>>
მინისტრის თქმით, ხუთი წლის გასვლის შემდეგ სტუდენტს უწყდება სტუდენტის სტატუსი და ხელახლა უწევს ეროვნული გამოცდების ჩაბარება.

„ამ შემთხვევაში ჩვენ აღებული გვაქვს მაქსიმალური ვადა – ხუთი წელი. შესაბამისად, ვისაც სტატუსი აქვს შეჩერებული და არა შეწყვეტილი, მას შეეხება გადაწყვეტილება, რადგან შეწყვეტილზე აზრი აღარ აქვს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო 30 ათასამდე სტუდენტს აქვს შეჩერებული, ხოლო მათი საერთო დავალიანება დაახლოებით 40 მილიონი ლარია.