თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება რაჭისა და გურიის რეგიონებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარს გამოყოფს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
აგვისტოსა და სექტემბერში რაჭისა და გურიის რეგიონებში მასშტაბურმა მეწყერმა და ღვარცოფმა, ასევე მდინარეების ადიდების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობებმა, წინასწარი შეფასებით, ასობით ათასი ლარის ზარალი გამოიწვია. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ დადგენილი არ არის.
„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 20 მლნ ლარით იზრდება. ეს თანხები, ძირითადად, მიმართული იქნება სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაზე როგორც რაჭაში, ისე გურიაში. აღნიშნული 20 მლნ ლარი სწორედ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს მოხმარდება“, – განაცხადა ხუციშვილმა.
ძლიერი ნალექის შედეგად 7-8 სექტემბრის ღამეს გურიაში მდინარეები ადიდდა, ჩამოწვა მეწყერი, დაზიანდა სახლები, ხიდები, სოფლებთან მისასვლელი გზები. სტიქიურ უბედურებას სამი ადამიანი შეეწირა, მათგან ორი არასრულწლოვანი.
ერთი თვით ადრე კი რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერმა 32 ადამიანი შეიწირა, ერთი დაკარგულის ძებნა დღემდე გრძელდება. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა.