თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ხელისუფლება გურიის რეგიონში სტიქიით დაზარალებული 200-ზე მეტი ოჯახის საცხოვრებელი სახლების მდგომარეობას სწავლობს და კომპენსაციის თაობაზე გადაწყვეტილებას ამ პროცესის დასრულების შემდეგ მიიღებს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარასკევს, 15 სექტემბერს დააანონსა კომპენსაციის გაცემა რეგიონის იმ მოსახლეობისთვის, რომელთა სახლები საცხოვრებლად უვარგისია.
„ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ოჯახების რიცხვი 200-ს აჭარბებს. მას შემდეგ, რაც ეს სახლები სრულად შეფასდება და სპეციალისტები იტყვიან კონკრეტულ სახლზე – საშიშია თუ არა, შესაძლებელია თუ არა მასში ცხოვრება, ამის შემდეგ ჩვენ გავცემთ კომპენსაციას ან თანხას, ან სახლებს შევიძენთ, ან უკვე აშენებულს შევთავაზებთ“, – განაცხადა ხუციშვილმა.
მისი თქმით, კომპენსაციის ხარჯებმა შეიძლება რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინოს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობა ინფორმაციას რამდენიმე დღეში წარმოადგენს.
ძლიერი ნალექის შედეგად 7-8 სექტემბრის ღამეს გურიაში მდინარეები ადიდდა, ჩამოწვა მეწყერი, დაზიანდა სახლები, ხიდები, სოფლებთან მისასვლელი გზები. სტიქიურ უბედურებას სამი ადამიანი შეეწირა, მათგან ორი არასრულწლოვანი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული ადამიანების ოჯახები 20 ათასი ლარის ოდენობით ერთჯერად დახმარებას მიიღებენ.