თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკური სარგებლის მისაღებად ყველაფერზე მიდის, მათ შორის თავს ესხმის საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებს, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განთავსების თაობაზე თითქოსდა აშშ-ის წინადადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
ოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი „უპრეცედენტო წინადადებით“ ჩამოვიდა – საუბარი იყო სამხედრო ბაზის განთავსებაზე. ტელეკომპანიის ცნობით, საქართველოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა 1,8 ათასი ადამიანისგან შემდგარ კონტინგენტს უნდა აეღო, მაგრამ მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ უარი განაცხადა „ისტორიულ შესაძლებლობაზე“. მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყვეს როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ, ისე საქართველოში აშშ-ის საელჩომ.
„რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკური სარგებლის მისაღებად საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმაზეც მიდის, ამის მტკიცებულებაა ბაზებთან დაკავშირებული პროვოკაცია. წარმოიდგინეთ, როგორი პროვოკაცია იყო, როდესაც შეერთებულმა შტატებმა თავად გააკეთა განცხადება", – განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ასეთი ქმედებები ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიას მხოლოდ ნეგატიურ ქულებს დაუმატებს.
„ამ დონემდე მიდის რადიკალური ოპოზიცია და შემდეგ უკვირთ, რატომ აქვთ ნულოვანი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან", – განაცხადა მაჭარაშვილმა.
გუშინ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უარყო ინფორმაცია აშშ-ის სავარაუდო წინადადებაზე ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ და განაცხადა, რომ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტური სიცრუეა.
„მთავარი არხის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო აშშ-ის საელჩომაც.
„მთავარმა არხმა“ ინფორმაციის წყაროდ გამოიყენა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ლიკა ბასილაია-შავგულიძის ინტერვიუ, რომელიც ამ თანამდებობაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა.
თავის მხრივ, ბასილაია-შავგულიძე ამტკიცებს, რომ მას საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელმა უამბო ქართული მხარის მიერ სამხედრო ბაზის განთავსებაზე უარის შესახებ. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ასევე შესთავაზა „ქართული ოცნების“ მთავრობას ნებისმიერი რაოდენობის, ნებისმიერი ტიპისა და კალიბრის იარაღის მიწოდება.