თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გამარჯვება ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, განაცხადა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხის მხარდაჭერით მივაღწევთ გამარჯვებას. ეს გამარჯვება საჭიროა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, მშვიდობის შენარჩუნებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის, რათა არავის მიეცეს შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყანა გამოყენებული იყოს სხვა ქვეყნის ინტერესებისთვის, გაჩაღდეს მეორე ფრონტი, შეუერთდეს სანქციებს და ამით დაზარალდეს ეკონომიკა", – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნება" ქვეყნის მასშტაბით პარტიული კონფერენციების ჩატარებას გააგრძელებს.
„ქვეყნის მასშტაბით ყველგან ჩასვლას ვაპირებთ. პარალელურად ვიწყებთ საარჩევნო სამზადისს. 2024 წელი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანი წელია – არის საპარლამენტო არჩევნები, რასაც პარტია „ქართული ოცნება" მომზადებული შეხვდება", – განაცხადა კალაძემ.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამავდროულად, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე სანქციების დარღვევაზე ქვეყნის მიმართ წარდგენილი არცერთი ბრალდება არ დადასტურებულა.