„კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გურიაში დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, ჩვენს საზოგადოებას. დიდი ტრაგედია დატრიალდა გურიაში. ამ სტიქიურმა უბედურებამ შეიწირა ორი ბავშვის და ერთი ხანდაზმული ქალბატონის სიცოცხლე. კიდევ ერთხელ, ჩვენი მთავრობის სახელით, მინდა გამოვხატო სამძიმარი და ვუთხრა ოჯახებს, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„სტიქიის პირველივე დღიდან გურიაში სამაშველო ღონისძიებაში 200 მაშველი იყო ჩართული. უსაფრთხო ადგილზე მთლიანობაში გადაყვანილია 142 ადამიანი. გეოლოგების მიერ ორი დღის განმავლობაში შემოწმებული იქნა 237 მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, 31 ინფრასტრუქტურული ობიექტი და შეგუბების ცხრა უბანი", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„სტიქიის ზონიდან ამ ეტაპზე განსახლებას დაექვემდებარა 105 ოჯახი. მინდა მოწოდებით და თხოვნით მივმართო რეგიონის მოსახლეობას, რომ აუცილებელია ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება და აუცილებელია მათი დროებით გადაყვანა უფრო უსაფრთხო ადგილზე. ამიტომ მივმართავ ოჯახებს, მიჰყვნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციებს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„რაც შეეხება ელექტროენერგიას, სტიქიის პირველ დღეს ოზურგეთში გათიშული იყო 8 ათასი აბონენტი, დღეს სრულად აღდგენილია ყველა მათგანი. ლანჩხუთში სტიქიის დღეს გათიშული იყო 7 ათასი აბონენტი და, დღეის მონაცემებით, დარჩენილია მხოლოდ 250 აბონენტი. დღის ბოლომდე 200 აბონენტს აღუდგება დენის მიწოდება", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„რაც შეეხება გაზს, სტიქიის პირველ დღეს ოზურგეთსა და ლანჩხუთში გათიშული იყო 3.627 აბონენტი. დღეის მდგომარეობით, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 791 აბონენტს. სოფლებში აქტიურად მიმდინარებს გზის გაწმენდის სამუშაოები, რის შემდეგაც კომპანია „სოკარი“ აღადგენს გაზის მიწოდებას", – განაცხადა პრემიერმა.
„პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში დაუდგება ამ ოჯახებს. ჩვენ დავითვლით ზიანს და მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას, ვისაც ეს სტიქიური უბედურება შეეხო", – განაცხადა პრემიერმა.