თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციის ნაწილის ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტის დაწყების თაობაზე არის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხიდან ყურადღების გადატანის მცდელობა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ოპოზიციის ნაწილმა ღარიბაშვილი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაში დაადანაშაულა, ხოლო ტელეკომპანია „TV პირველის“ სიუჟეტის შემდეგ, რომლის მიხედვითაც ღარიბაშვილი ოჯახის წევრებთან და სახელმწიფო დაცვის წარმომადგენლებთან ერთად აშშ-ში კერძო ვიზიტით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე გაემგზავრა, პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ მისი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადა.
ტელეარხის ცნობით, პრემიერი მიუნხენის გავლით აშშ-ში გაემგზავრა, სადაც 19 აგვისტოს სამთავრობო თვითმფრინავით CRJ200 ჩაფრინდა. თვითმფრინავი მას მიუნხენში ერთი კვირა ელოდა. ღარიბაშვილი ამ თვითმფრინავით საქართველოში 28 აგვისტოს დაბრუნდა.
„პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის მოთხოვნა არის უბრალოდ იმ საკითხების გადაფარვის მცდელობა, რომელიც აქტუალურია, მაგალითად, პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რადგან რეალურად გვაქვს დიდი დანაშაული, როდესაც პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას... რეალურად არის მცდელობა, რომ მსგავსი საკითხები პოლიტიკური თემებით გადაიფაროს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ეს არის მიზანმიმართული ბინძური კამპანია პრემიერისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ.
„ძალიან ბევრი განცხადება იქნა გაკეთებული აღნიშნულ ჩარტერთან დაკავშირებით, თუ ვინ გადაიხადა ეს თანხები. პირდაპირ მთავრობის მხრიდანაც გაკეთდა განცხადება, რომ ეს იყო პრემიერ-მინისტრის პირადი ხარჯი, ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა“, – აღნიშნა კალაძემ.
მთავრობის სტრატკომის განცხადების მიხედვით, თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზეა, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია.
ამ უწყებას უფლება აქვს მიიღოს შემოსავალი როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული თუ კერძო პირებისგან. მთავრობაში აღნიშნეს, რომ მსგავსი კომერციული რეისი მანამდე არაერთხელ შესრულებულა.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.
ტელეკომპანია „TV პირველის“ სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, როდესაც „ჯორჯიან ეარვეისს“, რომელიც სამთავრობო თვითმფრინავის ექსპლუატაციას ახორციელებს, პრემიერ-მინისტრის მიუნხენში სახელმწიფო ხარჯებით გადაყვანა დაავალა.
სიუჟეტში არის Georgian Airways-ის დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ ამ თვითმფრინავით რეისების განხორციელების დავალებებს სწორედ ჩუბინიძისგან იღებს, ხოლო პრემიერ-მინისტრის მოგზაურობის მიზანი მას არ ეხება.
ეს „TV პირველის“ მეორე სიუჟეტია ღარიბაშვილის აშშ-ში გამგზავრების შესახებ. პირველი სიუჟეტი აგვისტოს ბოლოს გავიდა. მასში ნათქვამი იყო, რომ პრემიერ-მინისტრის დეკლარაციიდან გამომდინარე, მას ფინანსურად საკმაოდ უჭირს, და რომ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამის ფინანსური მხარდაჭერა, ის ბანკის სესხსაც კი ვერ დაფარავდა.
რაც შეეხება ღარიბაშვილის გამგზავრების მიზანს, ის გაემგზავრა აშშ-ში ვაჟთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა, განმარტა „სტრატკომის“ ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პრემიერ ღარიბაშვილის ვაჟი აშშ-ის ერთ-ერთ პრესტიჟულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში – პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის ბიზნეს-სკოლაში ჩაირიცხა, 2022 წლის დეკემბერში სოციალურ ქსელში ღარიბაშვილის მეუღლემ ნუნუკა თამაზაშვილმა გაავრცელა.
პრეზიდენტის იმპიჩმენტი
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, ხელისუფლების უარის მიუხედავად, ევროპულ ტურნეში გაემგზავრა. მმართველ გუნდში აღნიშნეს, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან“ შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა“ და მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებით, ამჟამად მხოლოდ 83 მანდატი აქვს.
როგორც „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, გასაგებია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიღწევა არარეალურია, მაგრამ თვალის დახუჭვა ქვეყნის მთავარი კანონის უხეშ დარღვევაზე არ შეიძლება.
მმართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად, პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.