თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა, რომლებიც გურიის რეგიონში სტიქიის ზონაში ვითარებას სწავლობენ, საფრთხის დონის შემცირება დააფიქსირეს, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
პარასკევს მოსულმა ძლიერმა ნალექმა გურიის რეგიონში სერიოზული პრობლემები შექმნა. ადიდდა მდინარეები, ჩამოწვა მეწყრები, წაღებულია ხიდები, საცხოვრებელი სახლები და სოფლებთან მისასვლელი გზები. სტიქიურ უბედურებას ემსხვერპლა სამი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.
„ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, 9 სექტემბრის მდგომარეობით, შეფასდა 18 ინფრასტრუქტურული ობიექტი, 19 დასახლება და 80 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. ასევე, 35 ოჯახზე გაიცა რეკომენდაცია გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.
სპეციალისტების მიერ ადგილზევე გაიცემა რეკომენდაციები შემდგომი ქმედებებისათვის.
„ამ ეტაპზე სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების საფუძველზე გურიის მხარეში საფრთხის დონე სტიქიის პირველ დღესთან შედარებით შემცირებულია“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე აღინიშნა, რომ მაღალმთიანი გურია, ბუნებრივი საფრთხეებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ბოლო 10-15 წლის მანძილზე ერთ-ერთ რთულ მხარეს წარმოადგენს.
ამ დროისთვის რეგიონში საშიში ზონებიდან ევაკუირებულია დაახლოებით 100 ოჯახი. ადგილობრივმა ხელისუფლება ისინი სასტუმროებში დააბინავა. კიდევ 100 ადამიანი დამოუკიდებლად ნათესავებთან გაემგზავრა.
გურიაში სტიქიის ზონაში აგრძელებენ მუშაობას მაშველები, ასევე შტაბი, რომელიც კოორდინაციას უწევს სტიქიის შედეგების აღმოფხვრას და მოსახლეობის დახმარებას.
ელექტრო-და გაზგამანაწილებელი კომპენიები დილიდან დაზიანებების აღმოფხვრაზე მუშაოებენ. ადგილობრივი ხელისუფლება პირობას დებს, რომ გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება ყველა აბონენტს მალე აღუდგება. ლანჩხუთის რაიონში წყალმომარაგება სრულად აღდგა.
გურიის რეგიონში მეწყრის ჩამოწოლის და წყალდიდობის შედეგად დაზარალებული რაიონების მცხოვრებლებს შეუძლიათ დახმარებისთვის მიმართონ შემდეგ ნომრებზე: 551 38 38 05 (გურიის გუბერნატორის ადმინისტრაცია), 577 601 304 (ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლება), 599 05 87 00 (ლანჩხუთის ადგილობრივი თვითმმართველობა).