თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. კავკასიის რეგიონში შექმნილი ვითარება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი სომეხი კოლეგის ნიკოლ ფაშინიანის სატელეფონო საუბრის მთავარი თემა გახდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრებმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
საქართველოს პრემიერმა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია შექმნილი ვითარება მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით დარეგულირდეს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ყოველთვის მზად არის, ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში.
ამ წლების მანძილზე საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს საერთაშორისო ხასიათის 88 დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.