თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ უფალს გურიის რეგიონისთვის, რომელსაც დამანგრეველი მეწყერი დაატყდა, უფალს კურთხევა და მშვიდობა შეევედრა.
პარასკევს მოსულმა ძლიერმა ნალექმა გურიის რეგიონში სერიოზული პრობლემები შექმნა. ადიდდა მდინარეები, ჩამოწვა მეწყრები. სტიქიურ უბედურებას ემსხვერპლა სამი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ერთი თვით ადრე რაჭის კურორტ შოვში მომაკვდინებელი მეწყერის შედეგად დაიღუპა 32 ადამიანი, ერთს ამ დრომდე ეძებენ.
„აღვავლენთ ლოცვებს მათ უკვდავ სულთათვის, რათა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ იგინი სავანესა მართალთასა განაწესოს, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს შინაგანი ძალა ამ ტკივილის დასაძლევად და რწმენაში გასაძლიერებლად. ღმერთმა დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს გურია, მისი მკვიდრნი და სრულიად საქართველო“,- აღნიშნულია ილია მეორის სამძიმრის წერილში.
ილია მეორემ აღნიშნა, რომ სტიქიურმა უბედურებებმა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც მოიცვა.
„უხვმა ნალექმა დიდი ზარალი მიაყენა კახეთს, მაგრამ ის, რაც ამ დღეებში გურიაში მოხდა, ფაქტობრივად შოვის ტრაგედიის გაგრძელებად იქცა“, - აღნიშნულია კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. უზარმაზარმა მეწყერმა, მილიონობით კუბური მეტრის მოცულობის მიწის მასამ დაფარა კურორტი შოვი, გზად კი ყველაფერი გაანადგურა. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ბოლო მონაცემებით, 32 დაღუპულის პარალელურად დაკარგულად მიიჩნევა კიდევ ერთი პირი. მანამდე მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.