თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზღვარგარეთ გაემგზავრა საკუთარი სახსრებით და არა სახელმწიფოს ხარჯზე, შესაბამისად ოპოზიცია იმპიჩმენტს ვერ მიაღწევს, - ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
„ტვ პირველის“ სიუჟეტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი ოჯახის წევრებთან და სახელმწიფო დაცვასთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე კერძო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ტელეარხის ცნობით, პრემიერი მიუნხენის გავლით აშშ-ში გაემგზავრა, სადაც 19 აგვისტოს სამთავრობო თვითმფრინავი CRJ200-თ ჩავიდა. თვითმფრინავი მას მიუნხენში ერთი კვირა ელოდა - ღარიბაშვილი ამ თვითმფრინავით საქართველოში 28 აგვისტოს დაბრუნდა.
„პრემიერ-მინისტრის მიერ შესრულებული ეს რეისი არის არა ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ხარჯით შესრულებული, არამედ პირადი ხარჯით დაფინანსებული, რისი უფლებაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს... მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი არის კრისტალურად გამჭვირვალე“, - განაცხადა ოდიშარიამ.
მისი თქმით, ოპოზიცია ამ თემით ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს, რადგან პრემიერის იმპიჩმენტს ვერ მიაღწევს.
„როდესაც ადამიანი არაფერში არ არის დამნაშავე, იმოქმედა კანონმდებლობის მიხედვით და ის შესაძლებლობა გამოიყენა, რომელსაც იძლევა ის კომპანია, რომლის ბალანსზეც არის ეს ბორტი, ახლა „ლელოს“ დაესიზმრება, თუ სხვა პარტიას ჩვენ ამის მიხედვით ნამდვილად ვერ მივიღებთ ამას სერიოზულად მხედველობაში“, - განაცხადა ოდიშარიამ.
მთავრობის სტრატკომის განცხადების მიხედვით, თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზეა, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია.
ამ უწყებას უფლება აქვს მიიღოს შემოსავალი როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული თუ კერძო პირებისგან. მთავრობაში აღნიშნეს, რომ მსგავსი კომერციული რეისი მანამდე არაერთხელ შესრულებულა.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, როდესაც „ჯორჯიან ეარვეისს“, რომელიც სამთავრობო თვითმფრინავის ექსპლუატაციას ახორციელებს, პრემიერ-მინისტრის მიუნხენში სახელმწიფო ხარჯებით გადაყვანა დაავალა.
სიუჟეტში არის Georgian Airways-ის დამფუძნებლის, თამაზ გაიაშვილის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ ამ თვითმფრინავით რეისების განხორციელების დავალებებს სწორედ ჩუბინიძისგან იღებს და პრემიერ-მინისტრის მოგზაურობების მიზანი მას არ ეხება.
ეს „ტვ პირველის“ მეორე სიუჟეტია ღარიბაშვილის აშშ-ში გამგზავრების შესახებ. პირველი სიუჟეტი აგვისტოს ბოლოს გავიდა. მასში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრის დეკლარაციის გამომდინარე, მას ფინანსურად საკმაოდ უჭირს. და რომ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამის ფინანსური მხარდაჭერა, ის ბანკის სესხსაც ვერ დაფარავდა.
9 სექტემბერს ოპოზიციურ ტელევიზიაში სიუჟეტის გასვლის შემდეგ, რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა იმპიჩმენტზე და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე ალაპარაკდნენ.
„მივმართავთ საქართველოს პროკურატურას დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პრემიერ-მინისტრის მიერ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ დანაშაულზე“, - ნათქვამია პარტიის „საქართველოსთვის“ განცხადებაში.
ენმ-ის წარმომადგენელმა ირაკლი ნადირაძემ „ტვ პირველის“ სიუჟეტს უწოდა პირდაპირ საბრალდებო დასკვნა ფაქტებით, მტკიცებულებებითა და აღიარებითი ჩვენებებით.
„ირაკლი ღარიბაშვილმა ბოროტად გამოიყენა თავისი თანამდებობა და მან გაფლანგა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხები“, - განაცხადა ნადირაძემ.
თავის მხრივ, ენმ-ის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ტელეარხის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, ღარიბაშვილის გადაფრენა მიუნხენში და უკან სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით 200 ათასი ლარი დაუჯდებოდა.
„მივმართავ ღარიბაშვილს, ინამუსე და წადი - შეეშვი საქართველოს“, - განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ ღარიბაშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. „ეს სისხლის სამართლის დანაშაულია“, - განაცხადა პარტიის წევრმა ლევან სამუშიამ.
რაც შეეხება ღარიბაშვილის გამგზავრების მიზანს, ის გაემგზავრა აშშ-ში ვაჟთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა, განმარტა „სტრატკომის“ ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პრემიერ ღარიბაშვილის ვაჟი აშშ-ის ერთ-ერთ პრესტიჟულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში – პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის ბიზნეს-სკოლაში ჩაირიცხა, 2022 წლის დეკემბერში სოციალურ ქსელში ღარიბაშვილის მეუღლემ ნუნუკა თამაზაშვილმა გაავრცელა.