თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. თურქეთი გარკვეულ ზეწოლას განიცდის მონტრეს კონვენციის დაცვასთან დაკავშირებით, განუცხადა სააგენტო რია ნოვოსტის დიპლომატიურმა წყარომ ანკარიდან.
„წნეხი პირველივე დღიდან არსებობს, როდესაც ჩვენ ოფიციალურად განვაცხადეთ [მონტრეს კონვენციის პუნქტების] გამოყენების შესახებ. მაგრამ ჩვენი პრინციპული პოზიცია არ შეცვლილა", — აღნიშნა სააგენტოს რესპონდენტმა შესაბამის კითხვაზე პასუხად.
ამასთან წყარომ უარი თქვა დაეკონკრეტებინა, თუ რომელი ქვეყნები ახდენენ ზეწოლას ანკარაზე.
მანამდე ოპოზიციურმა თურქულმა მედიამ დაწერა, რომ დასავლეთი თურქეთზე ზეწოლას იმის გამო აძლიერებს, რომ ის შავი ზღვის სრუტეებით სამხედრო გემების გავლას ზღუდავს. აღნიშნული საკითხი მას შემდეგ გამწვავდა, რაც უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემებისთვის ალტერნატიულ დერეფანზე დისკუსიები დაიწყო.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ მონტრეს კონვენციის გამოყენებას სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, რადგან ის სრუტეებში სტაბილურობას უზრუნველყოფს.
მონტრეს კონვენცია — საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით სარგებლობას არეგულირებს. ხელმოწერილია 1936 წლის 20 ივლისს შვეიცარიაში, მონტრეს სასახლეში. ძალაში შევიდა 1936 წლის 9 ნოემბერს. მონტრეს კონვენცია უნარჩუნებს სავაჭრო გემებს სრუტეში გავლის თავისუფლებას როგორც მშვიდობიან, ისე ომის დროს, მაგრამ რეჟიმები ყველა ქვეყნისთვის განსხვავებულია. ამავდროულად დოკუმენტი ზღუდავს შავ ზღვაში აუზის არაწევრი ქვეყნების სამხედრო გემების ყოფნას მაქსიმუმ სამი კვირის ვადით. ხოლო საგანგებო სიტუაციებში თურქეთს უფლება აქვს საერთოდ აკრძალოს ან შეზღუდოს სამხედროების გავლა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით.