თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. მიმაჩნია, რომ წლის ბოლომდე წარმატების მიღწევა ნამდვილად შესაძლებელია, ველოდებით მხოლოდ დადებითს, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი 12 პირობას შეასრულებს.
ბორელის თქმით, ამ რეკომენდაციების შესრულებას დიდი ძალისხმევა სჭირდება.
„მე მგონი უკვე განვმარტე, რომ 12 პრიორიტეტი გვაქვს ჯამში. ყველა მათგანი მნიშვნელოვანია და ეხება იმ რეფორმებს, რომელიც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში — არა ბრიუსელისთვის, არამედ იმისთვის, რომ ცხოვრება, დემოკრატია გაუმჯობესდეს“, — აღნიშნა ბორელმა.
მისივე ინფორმაციით, ევროკომისია გაფართოების შესახებ გამოაქვეყნებს დასკვნას, რომელიც ქვეყნების შესახებ ანგარიშს მოიცავს. ანგარიშში შევა მიღწეული შედეგებისა და პროგრესის სტატუსი და რეკომენდაციები.
„შემდგომი ეტაპისთვის ყველა წევრი სახელმწიფო რეკომენდაციას მისცემს ამ ქვეყნებს და წლის ბოლოს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. გიდასტურებთ: მიმაჩნია, რომ წარმატების მიღწევა ამ პერიოდში ნამდვილად შესაძლებელია და მხოლოდ და მხოლოდ დადებითი მოლოდინი გვაქვს, ვინაიდან სრულად ვარ დარწმუნებული, რომ ამ რეკომენდაციებს ძალისხმევა სჭირდება“, — განაცხადა ბორელმა.
ჟოზეპ ბორელი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.