თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ინდოეთში „დიდი ოცეულის" მე-18 სამიტში მიიღებს მონაწილეობას და დასავლელ ლიდერებს რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების შედეგებს გააცნობს, წერს „რია ნოვოსტი" ანკარის დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით.
„ბატონი პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს სამიტის სხდომებში, რომლის თემა წელს იქნება „ერთიანი მსოფლიო, ერთიანი ოჯახი, ერთიანი მომავალი“. სამიტის ფარგლებში ერდოღანი მოლაპარაკებებს გამართავს „დიდი ოცეულის" ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა ხელმძღვანელებთან. ძირითადი ყურადღება თურქეთისა და გაეროს ინიციატივას დაეთმობა მარცვლეულის გარიგების განახლებასთან დაკავშირებით“, — აღნიშნა წყარომ.
მისი თქმით, თურქეთის პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების შედეგებსაც გააცნობს, რომელიც ასევე შავი ზღვის ინიციატივის განახლებას შეეხებოდა.
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოჭში 4 სექტემბერს შეხვდნენ. ეს იყო მათი პირველი პირადი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ. პრეზიდენტებმა მარცვლეულის გარიგების გარშემო არსებულ ვითარებასა და სხვა საკითხებზე იმსჯელეს.
რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან, რომელსაც 2022 წლის 22 ივლისს მოაწერეს ხელი რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა, მიმდინარე წლის 17 ივლისს გავიდა. აღნიშნული ინიციატივა უკრაინული მარცვლეულის, სურსათისა და სასუქის შავი ზღვის გავლით ექსპორტს გულისხმობს.
ხელშეკრულებიდან გასვლის მიზეზად კრემლმა შეთანხმების მეორე ნაწილის, რუსეთი-გაეროს მემორანდუმის შეუსრულებლობა დაასახელა, რომელიც რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას, „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან ხელახლა დაკავშირებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების მიწოდების განახლებას, ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის მუშაობის აღდგენასა და რიგ სხვა ღონისძიებებს ითვალისწინებდა.