„პირველ რიგში, უნდა მოხდეს პოლიტიკური ლანდშაფტის დეპოლარიზაცია, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური სფეროს დეოლიგარქიზაცია, სასამართლო, საარჩევნო სისტემების რეფორმა, (მნიშვნელოვანია) მედიის პლურალიზმი და ადამიანის უფლებები. და არ არსებობს მოკლე გზა ამის მისაღწევად. ყოველივე ამისთვის საჭიროა ბევრი შრომა, პოლიტიკური ნება და მკაფიო ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი“, – განაცხადა ბორელმა.
„ივნისის შემდეგ თქვენ შეასრულეთ სამი მათგანი და დარჩენილი ცხრა შესასრულებელია. თუმცა, ჯერ კიდევ არის დრო მათ შესასრულებლად... ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მინდა ვთქვა, რომ ეს სამუშაო ამად ღირს, რათა თქვენ არა მხოლოდ გახდეთ ევროკავშირის წევრი, არამედ გააუმჯობესოთ თქვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება", – განაცხადა ბორელმა.
„ბატონო პრემიერო, თქვენ თქვით, რომ ქვეყანას უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვუსმენდით ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, ყველას. საჭიროა ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდეს და ამ პროცესში კონსტრუქციულად იმუშაოს“, – აღნიშნა ბორელმა.
„ამ ეტაპზე ყველა ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული და ორიენტირებული იმაზე, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს, რათა ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი ხელიდან არ გაუშვათ. ამისათვის თქვენ ერთად უნდა იმუშაოთ, რადგან ევროპიზაციისკენ შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება დამსახურებასა და მიღწეულ შედეგზე. შედეგი კი მიიღწევა ერთიანი ძალისხმევის საფუძველზე, ყველა ძალის გაერთიანების შედეგად“, – აღნიშნა მან.