თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში თურქეთის სამართალდამცველი ორგანოების მიერ განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
აღნიშნული პირი 2022 წლის 8 სექტემბერს ქალაქ სტამბულში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა. კერძოდ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ძებნილი პირის მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობა შეიარაღებულ დანაშაულებრივ ორგანიზაციებს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდა.
თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცველი ორგანოების მიერ ძებნილი პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 12 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 2023 წლის 15 თებერვალს აღნიშნული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია დასაშვებად ცნეს ქართულმა სასამართლოებმა.
მოგვიანებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ზემოხსენებული პირის ექსტრადიციის თაობაზე.
საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით მომავალშიც ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან, აღნიშნულია განცხადებაში.