თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. მოსკოვსა და ფხენიანს შორის იარაღის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, ჩრდილოეთ კორეას ძალიან ძვირი დაუჯდება რუსეთისთვის იარაღის გადაცემა უკრაინაში გამოსაყენებლად, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანმა.
„რუსეთისთვის იარაღის მიწოდება ცუდად აისახება ჩრდილოეთ კორეაზე. ამისთვის მას მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს საერთაშორისო თანამეგობრობაში“, — აღნიშნა სალივანმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, მოსკოვი „ნებისმიერ შესაძლო წყაროს ეძებს“ საბრძოლო მასალის შესაძენად და ამიტომ აშშ კვლავაც განაგრძობს ზეწოლას რუსეთის თავდაცვით ბაზაზე.
მანამდე, 4 სექტემბერს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ედრიან უოტსონმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი უახლოეს დღეებში რუსეთში ჩავა, რათა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე მოსკოვისთვის იარაღის მიწოდების საკითხი განიხილოს.
კიმ ჩენ ინის ვიზიტის შესახებ პირველად გაზეთმა New York Times-მა დაწერა. გამოცემის ინფორმაციით, კიმი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის საზღვრებს ძალიან იშვიათად ტოვებს, სავარაუდოდ, თავისი ჯავშანმატარებლით გაემგზავრება ვლადივოსტოკში და პუტინს აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდება, რომელიც 10-13 სექტემბერს იმართება.
წყარო: Reuters