თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები, ასევე მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელება განიხილეს თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა იურგენ რიგტერინკმა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები და მსხვილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობა. კერძოდ, სატრანსპორტო „შუა დერეფნის“ პოტენციალი, საქართველოს მთავრობის ხედვა შავი ზღვის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე, ასევე თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტი.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე და აღნიშნულ სფეროში საინვესტიციო შესაძლებლობებზე. საუბარი შეეხო საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალს და განახლებადი წყაროების სფეროში ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში EBRD-ს მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.
აღინიშნა, რომ საქართველოში EBRD-ს პორტფელი 30 წლის განმავლობაში შეადგენს დაახლოებით 5 მილიარდ ევროს 287 პროექტში. ამ ინვესტიციების 82% კერძო სექტორშია. თითოეული პროექტი ითვალისწინებს ქვეყნისთვის გრანტების და კრედიტების გამოყოფას პროექტების შესრულების გარკვეული პირობებით.
მთავრობის მეთაურმა EBRD-ს ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები გააცნო. აღინიშნა, რომ რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურად მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის მაჩვენებელი 10,1% იყო.
საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2023 წლის ივლისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,5% შეადგინა. 2023 წლის იანვარი–ივლისში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,2% შეადგინა.
მანამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთან შეხვედრისას EBRD-ს წარმომადგენლებმა დაადასტურეს მზადყოფნა – მონაწილეობა მიიღონ მსხვილ საინვესტიციო პროექტებში. დავითაშვილმა EBRD-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია, რომელიც 26–27 ოქტომბერს გაიმართება.
2023 წლის შემოდგომაზე იგეგმება თბილისის მე-4 საერთაშორისო აბრეშუმის გზის ფორუმის ჩატარება. ფორუმის მიზანია შექმნას და დაამტკიცოს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.