საქართველოს შესახებ ვიდეოებმა EarthPix-ის 50 მილიონზე მეტი ხელმომწერის ყურადღება მიიპყრო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში დარწმუნებული არიან, რომ EarthPix რეგიონის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.
Sputnik
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. აჭარის შესახებ გადაღებულ და უმსხვილეს ამერიკულ სამოგზაურო პლატფორმა EarthPix-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და 50 მილიონზე მეტი ხელმომწერის ყურადღება მიიპყრო, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხელმომწერების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო სკულპტურა „ალი და ნინოს" და ღვინის დაყენების ტრადიციის შესახებ გადაღებულმა ვიდეორგოლებმა.

„ეს იყო ვირუსული ვიდეო საქართველოდან, რომლის ნახვებიც ყოველდღიურად 2 მილიონით იზრდება”, – ასე გამოეხმაურა თავად EarthPix ღვინის დაყენების ტრადიციაზე გადაღებულ ვიდეოს, რომელსაც გვერდზე ამ ეტაპზე 36 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

პლატფორმის დამფუძნებლებმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით აგვისტოში იმოგზაურეს.
EarthPix-ის მიერ მომზადებული მასალები გამოირჩევა მაღალი ხარისხით და უნიკალური შინაარსის მქონე ვიდეოებით. ისინი აერთიანებენ ველურ ბუნებას, ცხოველებს, არქიტექტურასა და ტურისტებისთვის მიმზიდველ სხვადასხვა აქტივობებს.
„EARTHPIX-ის მრავალმილიონიანი აუდიტორიისთვის აჭარის ტურისტული პროდუქტების გაცნობა კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით", – აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.
„მეღვინეობის აკვანი" - გერმანულმა გამოცემამ ქართულ ღვინოს სტატია მიუძღვნა>>>
ბათუმის ბულვარში განთავსებული სკულპტურა „ალი და ნინო" ასახავს ყურბან საიდის ნაწარმოების გმირებს — აზერბაიჯანელ ჭაბუკ ალის და ქართველ გოგონა ნინოს, რომლებსაც ერთმანეთი შეუყვარდათ. ქანდაკების ავტორი ცნობილი მოქანდაკე თამარ კვესიტაძეა. „ალი და ნინოს" შვიდმეტრიანი სკულპტურები ყოველ საღამოს ერთმანეთისკენ იწყებენ მოძრაობას, სანამ ბოლომდე არ შეერწყმებიან ერთურთს და შემდეგ კვლავ შორდებიან. მერე კი ისევ ყველაფერი თავიდან იწყება…
რაც შეეხება საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიციას, იგი 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ხალხურ ხელოვნებასა და მატერიალური კულტურის ძეგლებში ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის გამოსახულება. 2017 წელს უცხოელმა სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.
საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.
2013 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.