თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. აგროდაზღვევა მნიშვნელოვნად შეამცირებს სტიქიით მიყენებულ ზარალს, ამიტომ მევენახეებმა უფრო აქტიურად უნდა დააზღვიონ თავიანთი ვენახები, განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა ფერმერებს სთავაზობს სეტყვისგან, წყალდიდობის, ქარიშხლის, შემოდგომის ყინვისგან ნათესების დაზღვევას შეღავათიან ფასად. ამასთან, ფერმერები დაზღვევის მთლიანი ღირებულების მხოლოდ 30%-ს იხდიან.
„მინდა ეს ტრიბუნაც გამოვიყენო და მოვუწოდო მევენახე ფერმერებს, რომ უფრო აქტიურად გამოიყენონ აგროდაზღვევის პროგრამა. მით უმეტეს, რომ დაზღვევაში თანამონაწილეობის ხარჯი მნიშვნელოვნად მცირეა მოსავლის განადგურებით დამდგარ ზარალთან შედარებით“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
2023 წლის მონაცემებით, კახეთის რეგიონში, 4.809 ბენეფიციარმა ისარგებლა ვაზის დაზღვევით, დაზღვეულია 8.391,4 ჰა. ჯამურად სახელმწიფოს თანადაფინანსებამ შეადგინა 7.187.530 ლარი.
წილოსანის განმარტებით, თეთრი ყურძნის დაზღვევა ერთ ჰექტარზე 255 ლარი ღირს, წითლის – 500 ლარამდე, ხოლო ერთ ჰექტარზე ზარალმა 5-დან 15 ათას ლარამდე შეიძლება შეადგინოს.
მისი თქმით, აგროდაზღვევა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორიცაა ვენახების დამცავი ბადეები, აქტიურად უნდა იქნას გამოყენებული, რადგან სოფლის მეურნეობის დაცვა ბუნებრივი კატასტროფებისგან შეუძლებელია.
მისი თქმით, კლიმატის ცვლილებების, სტიქიური მოვლენებისა და მისი სავალალო შედეგების, რეგიონში მიმდინარე გამოწვევების და სხვა სირთულეების მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესია მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით.
„თუ ათი წლის წინ მევენახეებთან სეზონზე 35 მილიონი ლარი შედიოდა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 270 მილიონი ლარი იყო“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
შაბათს, 2 სექტემბერს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. ადგილობრივი ხელისუფლება ზარალს ითვლის.
წინასწარი მონაცემებით, სეტყვისგან დაზიანებულია 3,5 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი.
უამინდობით დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
5 სექტემბრის მონაცემებით, სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ 1050 ტონა დაზიანებული ყურძენი გადამუშავდა.
კომპანია სეტყვით დაზიანებულ ყურძენს 0,90 ლარად იბარებს.
ყურძნის ჩაბარება ამ დროისთვის მიმდინარეობს ხუთ ლოკაციაზე: თელავში (ორი ლოკაცია), სიღნაღში, ყვარელში და გურჯაანში.
პროგრამის დეტალები
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა წარმატებით მუშაობს 2014 წლიდან და თანდათან უფრო სრულყოფილი ხდება. აგროდაზღვევის პროგრამაში ცვლილებები დაზღვეული ვენახების ფართობის გაზრდის საშუალებას იძლევა, რადგან დაზღვევა უფრო ხელმისაწვდომი გახდა მევენახეებისთვის სახელმწიფოს გაზრდილი მონაწილეობის გამო.
აგროდაზღვევა ერთნაირად ხელმისაწვდომია ყველა ფერმერისთვის და პირისთვის, ვინც აგრობიზნესით არის დაინტერესებული.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს, როგორიცაა, სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში).
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა პირი 70%-იან თანადაფინანსებას იღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, მათ შორის ვაზზე. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 10 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში – 50 ჰექტარი.
დამზღვევს შესაძლებელია დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად.
2014 წლიდან ჯამში 65 ათას ბენეფიციარზე სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემულია 150.700-ზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 140 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი; ანაზღაურებული ზარალის ოდენობა 67 მლნ ლარზე მეტია.