თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. სახელმწიფო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებისთვის 85 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რათა მან სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ფუნქცია-მოვალეობები, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.
ქუთაისის აეროპორტში 3,5 კმ სიგრძის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის პროექტირებისა და აშენების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი მალე ერთ მილიონს მიაღწევს, ამიტომაც ის სათანადო ყურადღებას საჭიროებს.
„ეს არის 85-მილიონიანი ინვესტიცია, რომელიც ქვეყანამ უნდა განახორციელოს იმისთვის, რათა ქუთაისის აეროპორტი სრულფასოვნად ასრულებდეს თავის ფუნქციებს... ამისთვის ჩვენ გვჭირდება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი", – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტი სრულფასოვანი უნდა იყოს არა მხოლოდ მგზავრთა გადაზიდვების კუთხით, არამედ აგრეთვე სატვირთო ლოჯისტიკური ცენტრის განვითარების კუთხით ქუთაისის პოტენციალის რეალიზაციისთვის.
„თქვენ იცით, რომ არსებულ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს ბევრი პრობლემა გააჩნია და, ექსპერტების დასკვნის თანახმად, მისი რეაბილიტაცია შეუძლებელია. პროექტირება უკვე მიმდინარეობს და წლის ბოლომდე გვექნება ახალი პროექტი და შესაბამისად შევარჩევთ სამშენებლო კომპანიას", – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, პროექტის ღირებულება კიდევ დაზუსტდება.
როგორც მინისტრმა განმარტა, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 3,5 კმ იქნება და იგი 18 თვეში უნდა აშენდეს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წლის 7 თვეში 856.646 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს 90%-ით აღემატება. ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა 7 თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. ქუთაისის აეროპორტი 2.590 რეისს მოემსახურა, რაც პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 76%-ით მეტია.
მგზავრთნაკადის გარდა, ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც. პანდემიამდე, 2019 წლის ივლისში 267 რეისი შესრულდა. 2023 წლის ივლისში კი რეისების რაოდენობა 94%-ით გაიზარდა – ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ივლისში 517 რეისს მოემსახურა.
ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.