თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ანკარა მოლაპარაკებებს აწარმოებდა დასავლეთთან „როსსელხოზბანკის" SWIFT-თან კვლავ მიერთების თაობაზე და არწმუნებდა მას, რომ საიმედო გარანტიების მიღების შემთხვევაში მარცვლეულის გარიგების განახლების იმედი არსებობს, წერს სააგენტო „რია ნოვოსტი" მოლაპარაკებებში მონაწილე წყაროზე დაყრდნობით.
„დიახ, განხილვები მიმდინარეობდა, თანაც [თურქეთის პრეზიდენტის] ადმინისტრაციის მონაწილეობით. დასავლელი პარტნიორებისგან სანდო გარანტიების მიღება მოგვცემდა იმედს, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის აღდგენის თაობაზე ჩვენი ძალისხმევა ნაყოფიერი იქნება. ჩვენ განვუმარტეთ ჩვენი პოზიცია დასავლელ პარტნიორებს“, — აღნიშნა წყარომ.
მისი თქმით, რუსულმა მხარემ, რომლის მიდგომაც თურქეთისას ემთხვევა, ხაზი გაუსვა, რომ მას მკაფიო და საიმედო გარანტიები სჭირდება.
დღეს, დილით თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაეროს ახალი შეთავაზებები აქვს რუსეთთან, რომლებიც „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან ხელახალ დაკავშირებასა და რუსული კომპანიების აქტივების განბლოკვას, ასევე იმ პრობლემების მოგვარებას სთავაზობს, რომლებიც რუსეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამზიდავი ხომალდების დაზღვევას შეეხება.
რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, მანამდე გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მარცვლეულის გარიგების განახლების თაობაზე წერილი გაუგზავნა. სააგენტოს ვარაუდით, ამ დოკუმენტში „გაეროს წარსული იდეები ჯამდებოდა, რომლებმაც ვერ იმუშავეს".
როგორც გუტერეშის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დუჟარიკმა განაცხადა, გაეროს რუსეთის მხრიდან გუტერეშის წერილზე ოფიციალური პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ დაუბრუნდება მარცვლეულის გარიგებას, როგორც კი რუსეთ-გაეროს მემორანდუმის ყველა პუნქტი შესრულდება, გუტერეშის ახალ წინადადებებში კი იყო მხოლოდ დაპირებები, მაგრამ არა გარანტიები.